MFRR საქართველოში რუსული კანონის შემობრუნებას ეხმიანება, გმობს “ქართული ოცნების” მიერ კანონპროექტის გატანის მორიგ მცდელობას, რაც საფრთხეს უქმნის მედიის თავისუფლებას და სამოქალაქო საზოგადოებას და მოუწოდებს მმართველ პარტიას, გაიწვიოს კანონპროექტი.
MFRR (Media Freedom Rapid Response/სწრაფი რეაგირება მედიის თავისუფლებისთვის) არის ევროპის მასშტაბით მოქმედი მექანიზმი, რომელიც აკვირდება და რეაგირებს პრესისა და მედიის თავისუფლების დარღვევებზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, კანდიდატ ქვეყნებსა და უკრაინაში. პროექტი ევროკომისიის თანადაფინანსებით ხორციელდება.
“8 აპრილს საქართველოს პარლამენტის ბიურომა დაარეგისტრირა კანონპროექტი, სახელწოდებით “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”. მმართველი პარტიის ეს სვლა ტეხს პირობას, რომელიც პარტიის მაღალჩინოსნებმა გასულ წელს დადეს, რომ მსგავს კანონპროექტს აღარ შემოიტანდნენ და აღარ განიხილავდნენ.
მთავრობა ირწმუნება, რომ კანონპროექტი დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის გასაზრდელად არის საჭირო, მაგრამ ჩვენ უკიდურესად ვართ შეშფოთებული იმით, რომ კანონი ძლიერი იარაღი იქნება ხელისუფლებისთვის, რომ მოახდინოს დისკრედიტაცია და ჩაახშოს დამოუკიდებელი ხმები, დაემუქროს პრესის თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას. “აგენტების” შესახებ კანონები მხოლოდ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს არ ეხება, როგორც ასეთი, ისინი გავლენას ახდენენ ინფორმაციის მოძიებისა და მიღების უფლების რეალიზაციაზე, საზოგადოებრივ მოვლენებში მონაწილეობაზე”, – აცხადებენ MFRR-ის პარტნიორი ორგანიზაციები.
განცხადებაში ერთმანეთს შედარებულია 2023 წლის და 2024 წელს განმეორებით ინიციირებული კანონპროექტები და აღნიშნულია, რომ უცხოური დაფინანსების მიმღებთა სახელდება “უცხოური გავლენის აგენტი” შეცვლილია “უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაციებით”. სხვა მხრივ კი ისევე ქმნის გასაქანს ორგანიზაციების საქმიანობაში ჩარევისთვის.
“საერთო ჯამში, კანონპროექტი ვერ უძლებს კრიტიკას მედიის თავისუფლების, უფრო ფართოდ კი, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით. ფინანსური გამჭვირვალობის ბუნდოვანი საბაბი არ არის ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გაამართლებს დამატებითი იარლიყების მინიჭების, რეგისტრირებისა და დასმენის მოთხოვნას”, – წერია MFRR-ის განცხადებაში.
განცხადება მიმოიხილავს მსგავსი კანონების მოქმედებას რეგიონის ქვეყნებში: როგორ დაიწყო ყველაფერი რუსეთში და იქცა იარაღად რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების, პრესის თავისუფლების წინააღმდეგ; როგორ მიიღო მსგავსი კანონი ყირგიზეთმა 2 აპრილს; რომ თებერვალში ოკუპირებულ აფხაზეთში იყო მცდელობა, მსგავსი კანონი 42 სხვა კანონთან ერთად მიეღოთ რეგიონში რუსეთისა და აფხაზეთის კანონმდებლობის “ჰარმონიზების” მიზნით.
“სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და პრესის თავისუფლების მცველებს საქართველოში”, – წერენ ხელმომწერი ორგანიზაციები, რომელთა შორის არიან:
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI)
· ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია (EFJ)
· მუხლი 19 ევროპა
· პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF)
· OBC Transeuropa
· თავისუფალი პრესა შეზღუდვების გარეშე (FPU)