მრავალ ახალ ფუნქციაზე საუბრის შემდეგ, “მეტა” ინფრასტრუქტურულ პროექტ Project Waterworth-ს გვაცნობს — წყალქვეშა საკაბელო სისტემაა, რომელიც ამ მიმართულებით ყველაზე გრძელიც იქნება მსოფლიოში, დედამიწის გარშემოწერილობაზე გრძელიც კი, რადგან 50 000 კილომეტრს გადააჭარბებს! ამას გლობალური კავშირის გასაძლიერებლად აკეთებენ და ასე კომპანიის ხელოვნური ინტელექტის ინიციატივებსაც უჭერენ მხარს.
ამბიციური პროექტის ღირებულება 10 მილიარდი დოლარია და იგი ამერიკას, ინდოეთს, სამხრეთ აფრიკას, ბრაზილიასა და რამდენიმე სხვა რეგიონს დააკავშირებს, რითაც 5 კონტინენტს მოიცავს.
აღსანიშნავია, რომ წყალქვეშა კაბელები ინტერკონტინენტური ინტერნეტტრაფიკის 95%-ზე მეტს მოიცავს, რითაც აუცილებელი ხდება თანამედროვე კომუნიკაციისთვის. მეტას ახალ სისტემას კი 24 წყვილი ბოჭკოვანი სტრუქტურა ექნება, რაც უფრო მაღალ სიმძლავრესა და საიმედოობას ნიშნავს, სხვა ჩვეულებრივ წყალქვეშა ქსელებთან შედარებით.
როგორც ვიგებთ, კაბელი 7000 მეტრამდე სიღრმეში იქნება მოთავსებული, რითაც ღუზებისა და სხვა წყალქვეშა გარემოებებისგან დაცულიც იქნება. ეს გრძელვადიან სტაბილურობასა და გამძლეობასაც უზრუნველყოფს, თანაც, გლობალურ მონაცემებზე მოთხოვნა ზრდას განაგრძობს…
გარდა უკეთესი კავშირისა, Project Waterworth ეკონომიკურ თანამშრომლობებსა და ციფრულ ინკლუზიურობას შეუწყობს ხელს, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, რომლებშიც მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა შეზღუდულია. გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით ბიზნესებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ციფრულ სერვისებს ინდოეთში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში მეტად სწრაფი და საიმედო კავშირით სარგებლობა შეეძლება.
მეტას ეს ინიციატივა გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია, რაც ონლაინ სივრცეში მეტი ადამიანის შემოყვანას გულისხმობს და ასე კიდევ უფრო ფართო მისიასაც ემსახურება, გაზარდოს ციფრული ხელმისაწვდომობა…
საინტერესოა, რომ ამ ამბის გამოცხადების დრო Meta-ს გაზრდილ ინვესტიციებს ემთხვევა AI-სა და გამოთვლით ინფრასტრუქტურაში — კომპანიას უკვე აქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც 2025 წელს 60-65 მილიარდ დოლარს კაპიტალური ხარჯებისთვის გამოიყენებს. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ AI-ზე მომუშავე აპლიკაციებსა და ღრუბლოვან სერვისებზე მზარდი მოთხოვნა მაღალსიჩქარიან, მაღალი სიმძლავრის ქსელებს საჭიროებს — სწორედ ამას პასუხობს მეტას უახლესი პროექტიც.
თუმცა, გამომდინარე პროექტის კომპლექსური ბუნებისა, Project Waterworth, სავარაუდოდ, ამ ათწლეულის ბოლოს დასრულდება.
წყარო: marketer.ge
