აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული MEGOBARI ACT-ი, სენატში შევიდა. როგორც აშშ კონგრესის ვებგვერდზე ვკითხულობთ, კანონპროექტი სენატში წაკითხულია ორჯერ (ძველი ჩანაწერი, რაც განხილვაში მიღებას გულისხმობს) და განთავსებულია ზოგად საქმეთა საკანონმდებლო კალენდარში (კალენდარი #70).
საუბარია უშუალოდ იმ კანონპროექტზე, რომელიც ჯო უილსონის მიერაა მომზადებული და უკვე მიიღო წარმომადგენელთა პალატამ. მსგავსი კანონპროექტი სენატში მანამდეც იყო ინიციირებული სენატორების ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის მიერ. უცნობია როგორ მოხდება სენატში ამ ორი მსგავსი კანონპროექტის შერწყმა. ასევე არაა ცნობილი როდის გაიმართება საკომიტეტო მოსმენა და კენჭისყრა.
წარმომადგენელთა პალატის შემდეგ, „მეგობარი აქტის“ მისაღებად საჭიროა სენატის მხარდაჭერა. ამის შემდეგ კანონპროექტი ხელმოსაწერად დონალდ ტრამპს გაეგზავნება. კანონს ძალა ეკარგება მისი ამოქმედებიდან 5 წლის გასვლის შემდეგ.
