„მედიის განვითარების ფონდმა“ გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც აანალიზებს ქართულ საინფორმაციო გარემოს უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის (FIMI) მზარდი რისკის კონტექსტში.
დოკუმენტი ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „SAFIMI: ქართული საზოგადოება FIMI-ს, დეზინფორმაციისა და კოორდინირებული არაავთენტური ქცევის (CIB) წინააღმდეგ“ ფარგლებში მოამზადა.
„მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური სტრატეგიული დოკუმენტები რუსეთის პროპაგანდას საფრთხედ აღიარებენ, სახელმწიფოს რეაგირება, ხშირ შემთხვევაში, არასაკმარისი ან არათანმიმდევრულია“, – ვკითხულობთ კვლევაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ გარე და შიდა აქტორების გზავნილებს შორის თანხვედრაა დასავლეთთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი სამი ძირითადი მიმართულებით:
· სუვერენული დემოკრატიის ხელყოფა – „დასავლეთი და ე.წ. „დიპ სტეიტი“ წარმოჩენილია ისე, თითქოს ისინი ერევიან საქართველოს საარჩევნო პროცესში, არასამთავრობო ორგანიზაციებს უცხო ინტერესების გასატარებლად აფინანსებენ და „მეორე მაიდნის“ მსგავსი რყევების ორგანიზებას ცდილობენ“;
· „მეორე ფრონტის“ იგივე საქართველოს „უკრაინიზაციის“ საფრთხე – „ამკვიდრებს ნარატივს, თითქოს დასავლეთი საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევას ცდილობს, ხოლო უკრაინაში მიმდინარე ომი მაგალითია იმისა, რომ დასავლეთი უსაფრთხოების გარანტიას ვერ უზრუნველყოფს“;
· ეროვნული იდენტობის დაკარგვის საფრთხე – „დასავლეთი წარმოჩენილია ლიბერალური ღირებულებების გამავრცელებლად, რომლებიც თითქოს საფრთხეს უქმნის ტრადიციულ ქართულ კულტურას და ხშირად აღიწერება ტერმინით „ლიბერალური ფაშიზმი“.




