არასამთავრობო ორგანიზაციებმა ანტიკორუფციულ ბიუროს საპასუხო წერილებით მიმართეს, მას შემდეგ, რაც 7-მა ორგანიზაციამ 11 აგვისტოს უწყებიდან მიიღო მოთხოვნა განმარტებების შესახებ, თუ რატომ არ დარეგისტრირდნენ ისინი უცხო ქვეყნის აგენტებად.
ორგანიზაციებმა ბიუროს ინდივიდუალურად უპასუხეს. მათ შორის, „მედიის განვითარების ფონდმა“ (MDF) აღნიშნა, რომ ამერიკული კანონი FARA მის საქმიანობაზე არ ვრცელდება, რადგან არ არსებობს ის პირობები, რომელთა საფუძველზეც ორგანიზაცია „უცხოური პრინციპალის აგენტად“ შეიძლება ჩაითვალოს. MDF-ის განცხადებით, მისი საქმიანობა – რომელიც ევროკავშირის, წევრი სახელმწიფოების მთავრობებისა და დასავლური დონორების დაფინანსებით ხორციელდება – გამჭვირვალეა, ემსახურება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს და შეესაბამება როგორც ქვეყნის კანონმდებლობას, ისე ხელისუფლების მიერ განსაზღვრულ სტრატეგიულ მიზნებს.
ორგანიზაციამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მედიაწიგნიერების პროგრამებზე, რომლებმაც 2017-2025 წლებში 5000-ზე მეტი ბენეფიციარი – მათ შორის 4000-მდე მოსწავლე და სტუდენტი, 1000-მდე პედაგოგი – მოიცვა. MDF-ის თქმით, მის მიერ შემუშავებული სასწავლო რესურსები განათლების სამინისტროს, კომუნიკაციების კომისიისა და გაეროს ბავშვთა ფონდის პროექტებშიც გამოიყენება. ფონდის შეფასებით, მისი საქმიანობა მნიშვნელოვანი წვლილია დეზინფორმაციასთან ბრძოლაში, მათ შორის რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ.
MDF ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდებს, შეწყვიტოს „რეპრესიული ღონისძიებები“, რომლებიც ორგანიზაციის საქმიანობის შეჩერებას ისახავს მიზნად, და უზრუნველყოს კანონის ნორმატიული აქტების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.
ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ 11 აგვისტოს ანტიკორუფციული ბიუროსგან კიდევ ერთი წერილი მიიღეს, სადაც მათ „ქართული ოცნების FARA“-ს დარღვევას ედავებიან და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით ემუქრებიან.
„ჩვენ არ დავრეგისტრირდებით უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად. ვართ დამოუკიდებელი ქართული არასამთავრობოები, რომელთა მისიაც არის ქალების, ბავშვების, შშმ პირების, დევნილების და ჩაგრული ადამიანების უფლებების დაცვა; არჩევნების მონიტორინგი, კორუფციისა და დეზინფორმაციის მხილება და დემოკრატიის მხარდაჭერა. ვემსახურებით მხოლოდ საქართველოს და მის მოქალაქეებს,“ – განაცხადეს ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
მათი შეფასებით, ხელისუფლების მიერ მიღებული კანონი არ ემთხვევა ამერიკული FARA-ს სტანდარტებს, ხოლო მიმდინარე პროცესები „პუტინის რუსეთის სტილის“ დევნას ჰგავს.
„ჩვენ არ დავტოვებთ ქართველ ხალხს მხარდაჭერის გარეშე და ვიბრძოლებთ მანამ, სანამ საქართველო არ გახდება თავისუფალი, დემოკრატიული და ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. რუსული კანონებით ცხოვრებას არ ვაპირებთ,“ – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.
