McDonald’s-სა და Coca-Cola-ს განცხადებით, კომპანიები რუსეთში ოპერირების გასაგრძელებლად რისკებს კვლავ ხედავენ. როგორც Bloomberg-ის სტატიაშია აღნიშნული, ეს ერთგვარი სიგნალია იმის საჩვენებლად, რომ ამერიკული კომპანიები რუსეთში ინვესტირებას ჯერ ისევ სიფრთხილით უყურებენ.
Bloomberg News-ს კომპანიების პოზიციის შესახებ უკრაინის მხარდამჭერი ჯგუფი B4Ukraine-სთვის გაგზავნილი წერილის საფუძველზე იტყობინება. ორგანიზაციისთვის გაგზავნილ წერილში McDonald’s აღნიშნავს, რომ კვლავ იმ 5 კითხვიანი კითხვარით ხელმძღვანელობს, რომლითაც 2022 წელს რუსეთის ბაზრის დატოვების მიზანშეწონილობა შეაფასა.
“ამ კითხვებით განსაზღვრული პრინციპი, რამაც მსხვილი ბაზრის დატოვებისა და McDonald’s-ის პორტფოლიოს გაყიდვისკენ გვიბიძგა, კვლავ მუშაობს” – ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს McDonald’s-ის გლობალური CIO, ჯონ ბანერი აწერს.
რაც შეეხება Coca-Cola-ს, ბრენდის წერილში ნათქვამია, რომ სანქციები და სხვა სამართლებრივი დაბრკოლებები, რუსეთის ბაზარზე დაბრუნების შესახებ ნებისმიერ განხილვაზე ახდენს გავლენას.
B4Ukraine კომპანიებს სოციალურ ქსელებსა და რუსულ მედიაში გავრცელებული იმ სპეკულაციის ფონზე დაუკავშირდა, რომლის თანახმადაც მათ ქვეყანაში დაბრუნების მზაობა გამოხატეს. ორგანიზაცია ასევე დაუკავშირდა Apple-ს. Nike-ს, Boeing-ს, Visa-სა და Mastercard-ს, თუმცა მათგან პასუხი არ მიუღია.
McDonalds’s-ის შემთხვევაში ქვეყანაში ოპერირების კრიტერიუმები შემდეგნაირად განისაზღვრება: რამდენად ლეგალურია რუსეთში ოპერირება, რამდენად აქვს კომპანიას ბიზნესის თავისუფლად მართვის შესაძლებლობა, რამდენად წაადგება ეს მის ბრენდს, რამდენად თანხვედრაშია ქვეყანა ბრენდის ღირებულებებთან და რამდენად “აზრიანია” ბიზნესისთვის ეს გადაწყვეტილება. როგორც ჯონ ბანერმა წერილში აღნიშნა, 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, თითოეულ ამ კითხვაზე პასუხი უარყოფითი იყო.
Coca-Cola-მ რუსეთის ბაზარი 2022 წელს დატოვა, თუმცა ადგილობრივებს სასმლის შეძენა კვლავ შეუძლიათ, რადგან რუსეთის მთავრობამ “პარალელური იმპორტი” დაუშვა, გარეშე იურიდიული პირის მიერ დისტრიბუციის გზით. გარდა ამისა, რუსეთში Coca-Cola-ს ჩამომსხმელმა Multon Partners-მა კომპანიის საფირმო სასმლის წარმოება შეაჩერა და “დობრი კოლას” წარმოება დაიწყო. McDonald’s-ის აქტივებს კი რუსეთში ახალი მფლობელი ჰყავს.
