MBDA 2025 წელს Storm Shadow რაკეტების წარმოების გაორმაგებას გეგმავს

“ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი თავდაცვის კომპანია MBDA 2025 წელს საკრუიზო რაკეტა Storm Shadow-ის წარმოების გაორმაგებას გეგმავს 2023 წელთან შედარებით”, – ამის შესახებ კომპანიის CEO ერიკ ბერანგერმა Financial Times-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მედიის ინფორმაციით, კომპანიის გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა გაზრდილი მოთხოვნა და წნეხი ევროპული სამხედრო ძალებისგან, კონკრეტულად კი ფრანგული შეიარაღებული ძალებისგან, რომელიც MBDA-ს რაკეტების მიწოდების დაჩქარებისკენ მოუწოდებს.
“გამოწვევების გასამკლავებლად უფრო ინდუსტრიულები უნდა გავხდეთ” – აღნიშნა ბერანგერმა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, უსაფრთხოების რისკების ფონზე, თავდაცვის სისტემებზე მოთხოვნის ზრდას.
გამოწვევებზე საპასუხოდ MBDA-მ ათობით მილიონი ევროს ინვესტიცია ჩადო საწარმოო სიმძლავრეების გაძლიერებაში. ინვესტიცია მოიაზრებდა დამატებითი დანადგარების მონტაჟსა და სამუშაო ცვლების გაზრდასაც, რამაც შედეგი უკვე გამოიღო და Aster-ის ტიპის რაკეტების წარმოების ციკლი 3-დან 2 წლამდე შეამცირა.
კომპანია წარმოების კიდევ უფრო გასაზრდელად ახალ სტრატეგიას განიხილავს რომელიც პოტენციურად ქვეკონტრაქტორების დაქირავებას მოიაზრებს. რასაც კომპანიის მეწილე ქვეყნები – საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო და იტალია – ეწინააღმდეგებიან. მათი აზრით, წარმოების ამჟამინდელი სტრუქტურის ცვლილებამ შესაძლოა თავდაცვის კონსორციუმზე მათი ეროვნული გავლენის შემცირება გამოიწვიოს.
MBDA, Airbus-თან, BAE System-სა და Leonardo-სთან ერთად ევროპული რაკეტების წარმოებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. წარმოების ზრდის გეგმა მკვეთრად წარმოაჩენს ევროპის მცდელობას, გააძლიეროს თავდაცვის შესაძლებლობები.