რეპერის, გიორგი პავლიაშვილის (მასტერი) თქმით, ქეთი მელუას ლეიბლი და თავად მომღერალი მათი დუეტის ლიცენზიის გაუქმებას ითხოვს, რაც სიმღერის წაშლას გულისხმობს. ამის შესახებ მასტერი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ამის მიზეზი “ქართული LGBT ორგანიზაციებისგან მიღებული საჩივრების სიმრავლეა”, რასაც რეპერი ნანი ბრეგვაძის The Drag Ball-ზე მიწვევაზე მის მიერ “გამოხატულ პროტესტს” უკავშირებს. როგორც მასტერი წერს, მის პროტესტს LGBT ორგანიზაციების წარმომადგენლებმა “რევანშით” უპასუხეს.
“ქეთი მელუას ლეიბლმა და თავად მომღერალმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გააუქმოს ჩვენი დუეტის ლიცენზია, ანუ მოითხოვეს სიმღერის აღება. მიზეზად კი დასახელდა ქართული LGBT ორგანიზაციებისგან მიღებული საჩივრების სიმრავლე. წერილების შინაარსზე დროის დაკარგვა ალბათ არ ღირს.
ყურადსაღებია, რომ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პროტესტი გამოვხატე ფაქტზე, რომელიც ეხებოდა ნანი ბრეგვაძის “დრაგ ბოლზე” მიწვევას. ნანიმ ივენთზე აღარ იმღერა და ახლა ალბათ მათი მხრიდან “რევანშის” დრო იყო. ვფიქრობ სრულიად უსამართლოა ეს გადაწყვეტილება, რადგან ამ კონკრეტულ სიმღერას არ ჰქონდა არანაირი შეხება ამ თემასთან და მასზე დაიხარჯა უდიდესი დრო და ენერგია, არ იფიქროთ ვწუწუნებდე ამ თემაზე, უბრალოდ ყველა ჩემი სიმღერა ჩემთვის ძვირფასია, მითუმეტეს როცა მსმენელი მას ასე იყვარებს…
ეგ არაფერი, აქამდე არ შევუჩერებივარ არაფერს ამ გზაზე და არც ეს იქნება ბარიერი, რომელიც აზრს შემაცვლევინებს. ყველამ იცით, რომ მე არ ვდგავარ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც სექსუალურ უმცირესობას წარმოადგენს. მე ვარ წინააღმდეგი პროპაგანდისა და იმ ორგანიზების რომლებიც, არა თუ ადამიანების უფლებებზე ფიქრობენ, არამედ ფინანსდებიან მხოლოდ იმ მიზნით რომ მეტ ადამიანში გამოიწვიონ დაპირისპირება, ზიზღი, მოახდინონ ჩვენი ტრადიციებისა და დაუწერელი წესების შეცვლა, ყველაფერი დაიყვანონ პრიმიტიულ დონემდე და ეს ყველაფერი წარმოაჩინონ მათი სტანდარტებით, სადაც ტრადიციულად მოაზროვნე ადამიანი ბნელი და აგრესორია, ხოლო ადამიანი რომელიც ერთსქესიანთა ქორწინების მომხრეა – თანამედროვე და ნათელ მხარეს მდგომი.
ვიცი ბევრს “კეთილმოსურნეს” გაუხარდება ეს ამბავი, მაგრამ ეგ არაფერი, კიდევ უფრო ბევრნი არიან ადამიანები, რომლების გვერდში დგომასაც ვგრძნობ და მათ დაღალატებას არ ვაპირებ არც ერთი სიმღერის ფასად!!! მადლობა და მიყვარხართ”. – წერს მასტერი სოციალურ ქსელში.
გარდა ამისა, მასტერმა Facebook პოსტს კომენტარის სახით დაურთო სიმღერის, სახელწოდებით Tbilisi London-ის ლინკი, რომლის წაშლასაც, რეპერის მტკიცებით, ქეთი მელუა ითხოვს. სიმღერა Youtube-ზე ერთი თვის წინ განთავსდა და ამ დრომდე ხელმისაწვდომია.
გასულ წელს The Drag Ball-ის დაგეგმილ ღონისძიებაზე მომღერალ ნანი ბრეგვაძეს მონაწილეობა უნდა მიეღო, თუმცა, მან ჯანმრთელობის პრობლემების გამო ღონისძიება ვეღარ გახსნა. მიუხედავად ამისა, მომღერალმა The Drag Ball-ზე შეკრებილებს სიტყვით დისტანციურად მიმართა და თქვა, რომ “სიყვარული მანც გაიმარჯვებს”.