Mastercard-ი საქართველოში სახით გადახდას დანერგავს (bm.ge)

Mastercard-ი საქართველოში სახით გადახდას დანერგავს. ამის შესახებ BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემა TECH INFORM-ში Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტმა, დავით ზღუდაძემ განაცხადა.
როგორც ის ამბობს, კომპანია მზადაა ქვეყანაში ისეთი ინოვაციური ტექნოლოგია შემოიტანოს, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ტრანზაქცია საკუთარი სახის სკანირებით, ანუ ბიომეტრიული ინფორმაციით დაადასტუროს და პროდუქტი და სერვისი სრულად უკონტაქტოდ შეიძინოს. Mastercard-ის FacePass-ი არსებული ტექნოლოგიაა, რომელიც ჩვენს მეზობელ სომხეთში უკვე გამოცადეს — ეს ტექნოლოგია AMIO Bank-მა დანერგა. დავით ზღუდაძის თქმით, სახით გადახდას საქართველოში მომხმარებელი მას შემდეგ შეძლებს, რაც ამ გადაწყვეტას ქართული ბანკები დანერგავენ.
“აღნიშნული ტექნოლოგია ძალიან გამარტივდა, რადგან თუ ადრე, სპეციფიკური კამერების გამოყენება და მერჩანტის ტექნოლოგიური აღჭურვა იყო საჭირო, დღეს, სახის ბიომეტრიის წაკითხვა და ვალიდაცია POS-ტერმინალით და სმარტფონითაა შესაძლებელი.
თქვენი ბარათის მონაცემები დაშიფრულია და სისტემაში ინახება და, როგორც კი, თქვენი ბიომეტრია დაემთხვევა სისტემაში დაფიქსირებულ ჩანაწერს, გადახდა წარმატებულად ჩაითვლება. პროცესი ძალიან მარტივია და დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლებში ტექნოლოგია მეტად განვითარდება და გადახდის ეს ფუნქციონალი ისეთ მაღაზიებში მოიკიდებს ფეხს, სადაც სერვისის მიღება ადამიანს თავად შეუძლია.
ამ ფუნქციონალის დასანერგად მერჩანტს დამატებით მოწყობილობის დამონტაჟება არ სჭირდება, რადგან ამ შემთხვევაში Android-ით აღჭურვილ ჩვეულებრივ სმარტფონზე ვსაუბრობთ, თან კამერებით დღეს არსებული თანამედროვე POS-ტერმინალებიცაა აღჭურვილი. თუ მერჩანტს ეს მოწყობილობები არ აქვს, შეუძლია პლანშეტი გამოიყენოს.
მთავარია, მომხმარებელმა საკუთარი ბიომეტრიული ინფორმაცია შეინახოს და დააკავშიროს ის იმ ბარათთან, რომლითაც სურს, რომ გადაიხადოს, რათა გადახდის დროს სისტემასთან არანაირი შეხება არ ჰქონდეს”, — განაცხადა Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტმა, დავით ზღუდაძემ TECH INFORM-ში.
შეგახსენებთ, რომ ამერიკული Mastercard-ი ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა, რომელიც საქართველოში ოპერირებს. ამერიკული კორპორაციის საბაზრო კაპიტალიზაცია $471 მილიარდია და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში მე-17 ადგილს იკავებს.