Masdar-მა ქართულ მხარესთნ ხელშეკრულება გააფორმა – როდის აშენდება მზის უდიდესი ელექტროსადგური

არაბეთის გაერთიანებული საამიროების კომპანია Masdar-მა და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა (GEDF), საქართველოში ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, აქციონერთა ხელშეკრულება გააფორმეს. ამის შესახებ ინფორმაციას report-ი ავრცელებს.
„საქართველოში მზის ენერგიის უმსხვილესი პროექტის რეალიზებისთვის Masdar-მა და GEDF-მა თანამშრომლობაში პროგრესს მიაღწიეს. მომავლის ენერგეტიკის მსოფლიო სამიტის ფარგლებში, რომელიც 16-18 აპრილს გაიმართა, მხარეებმა ხელი მოაწერეს აქციონერთა ხელშეკრულებას 100 მგვტ-მდე სიმძლავრის მზის ფოტოელექტროსადგურის მშენებლობაზე,“ – წერს გამოცემა.
ელექტროსადგურის სიმძლავრე 96 მეგავატი, ხოლო სავარაუდო წლიური წარმოება 196,7 მლნ კვტ/სთ იქნება. პროექტის ღირებულება 80-100 მლნ დოლარად შეფასდა.
GlobalData, რომელიც მსოფლიოში 170 000-ზე მეტ ელექტროსადგურს აკონტროლებს და აპროფილებს, პროგნოზირებს, რომ გარდაბნის მზის ელექტროსადგურის მშენებლობა 2025 წელს დაიწყება, ხოლო კომერციულ ექსპლუატაციაში 2027 წელს შევა.
Masdar განახლებადი ენერგიის ობიექტების აშენების შესაძლებლობას აზერბაიჯანშიც სწავლობს, რომლის ჯამური სიმძლავრე 10 გიგავატი იქნება.