MaNa, მიმდინარე წელს, ახალი პროდუქტების დამატებას გეგმავს

მაიკო ჯიქია და ნატალია მუჯირიშვილმა აბრეშუმის შარფების წარმოება ერთი წლის წინ დაიწყეს და მომხმარებლის ყურადღება საინტერესო და ორიგინალური დიზაინით მიიქციეს. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას MaNa-ს თანადამფუძნებელი, მაიკო ჯიქია ამბობს, თავიდან თბილისის რუკა გადაიტანეს აბრეშუმზე, შემდეგ ფიროსმანისა და ოცხელის მოტივები. გაყიდვაში აქვთ, ასევე, ბალიშის პირები და მიმდინარე წელს ასორტიმენტის გაზრდას და ახალი პროდუქტების, მათ შორის – პანოების, აბაჟურების, გადასაფარებლებისა და ჩანთების წარმოების დაწყებას გეგმავენ.
„წელიწადზე ცოტა მეტია, რაც MaNa შეიქმნა. მეც და ნატალია მუჯირიშვილიც ორივე ვართ მხატვრები ვართ. ნატალია გრაფიკული დიზაინერია, მე – ქსოვილის დიზაინერი და ერთობლივად ვაკეთებთ შარფებს. თავიდან თბილისის რუკით დავიწყეთ. გვინდოდა, რომ შარფზე თბილისის რუკის ჩვენებური ვერსია გადაგვეტანა, რადგან ყველა ქვეყანას აქვს ასეთი ქალაქების რუკიანი შარფები. შემდეგ ფიროსმანის ჩვენებური ვერსიის შარფები გავაკეთეთ, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა და ჩვენი შარფები შარშან ფიროსმანის გამოფენაზე კოპენჰაგენში მოხვდა. გვაქვს ასევე შარფები ოცხელის თემატიკაზე. შარფების გარდა ვამზადებთ ბალიშის პირებს და ბევრი გეგმა გვაქვს წინ“, – ამბობს მაიკო ჯიქია.
მიმდინარე წელს, MaNa ახალი პროდუქტების დამატებას გეგმავს. კერძოდ – სურთ, რომ პანოების, აბაჟურების, გადასაფარებლებისა და ჩანთების წარმოება დაიწყონ. MaNa-ს პროდუქცია ონლაინ და თბილისის რამდენიმე მუზეუმში იყიდება. მათ შორის – ეროვნული გალერეის მაღაზიაში, სახვითი ხელოვნების მუზეუმში, გალერეა ორნამენტში და სასტუმრო „სტამბას“ მაღაზიაში. შარფები 2 ზომაში იყიდება – 70/70 სმ და 90/90 სმ და ფასები 65 და 75 ლარია.

ასევე დაგაინტერესებთ