MAC: 2021 წლის 5 ივლისი მედიაზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ძალადობის თარიღია

მედიის ადვოკატირების კოალიცია 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებს – “მედიაზე ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ძალადობის თარიღს” განცხადებით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ქართულმა ოცნებამ არათუ ადეკვატური პასუხი არ გასცა ძალადობრივ ჯგუფებს, არამედ სინამდვილეში თავად წაახალისა მედიის წარმომადგენლების დევნა.

“2021 წლის 5 ივლისი მედიაზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ძალადობის თარიღია. ეს არის დღე, როცა ანტიდასავლურმა, ანტიდემოკრატიულმა ძალამ თავისუფალი სიტყვისთვის მედიაზე თავდასხმა განახორციელა.

ფიზიკურად დაზარალდა 60-მდე ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი. TV პირველის ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან სახისა და თავის არეში ტრავმის მიღებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

ქართულმა ოცნებამ მაშინ არა მხოლოდ არ გასცა ადეკვატური პასუხი ძალადობრივ ჯგუფებს, არამედ სინამდვილეში თავად წაახალისა და ფაქტობრივად, ხელი შეუწყო მედიის წარმომადგენლების დევნას. ოთხი წლის შემდეგ, მედიისა მიმართ ძალადობამ და თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმამ სისტემური სახე მიიღო.

პროევროპული საპროტესტო აქციების პერიოდში მედიის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის, მუქარისა და დაკავების 200-მდე შემთხვევაა.

პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პოლიტიკური პატიმარია მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის მქონე დამოუკიდებელი მედიაგამოცემის დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი. მიღებულია კანონები, რომელიც ყველა საშუალებით ცდილობს მედიის და ხალხის ხმის ჩახშობას.

სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას! თავისუფლება მზია ამაღლობელს! თავისუფლება სინდისის ყველა პატიმარს!” – წერია განცხადებაში.