Lineate-ი აღმოსავლეთ ევროპაში კიდევ ერთი ოფისის გახსნას გეგმავს – გიორგი ციკოლია

2025 წელს, ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Lineate-ი აღმოსავლეთ ევროპაში კიდევ ერთი ოფისის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ Lineate-ის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ციკოლიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, მაგრამ ქვეყანა არ დაუკონკრეტებია.
„მოხარული ვარ, რომ რეგიონში ჩვენი კომპანიის ცენტრი საქართველოა“, – ამბობს გიორგი ციკოლია.
„წერტილთან“ ინტერვიუში მან Lineate-ის სომხეთის და პოლონეთის ოფისებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანაში განვითარებას განაგრძობენ.
„სომხეთში ამბიციური გეგმები გვაქვს. მოხარული ვართ იმ ურთიერთობით, რომელიც გვაქვს სომხეთის ხელისუფლებასთან – მუდმივად ვართ დისკუსიაში, როგორ შეიძლება, გავაუმჯობესოთ სომხეთის საკანონმდებლო ბაზა. ძალიან ბევრი მაგალითი მოგვყავს საქართველოს საკანონმდებლო ბაზიდან, რომელიც ამ მხრივ საკმაოდ კარგად მომზადებულია, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ შეიძლება გარკვეული ცვლილებების შეტანა. ამ მიმართულებით, საქართველოს ხელისუფლებას საკუთარ მოსაზრებებს ვუზიარებთ. ანალოგიურად, სომხეთის მთავრობაშიც ვხედავთ მზაობას, რომ საერთაშორისო ბიზნესი, ტექნოლოგიები და კაპიტალი შევიდეს, რითაც კმაყოფილი ვართ.
პოლონეთშიც ვავითარებთ ჩვენს ბიზნესს და ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს, აღმოსავლეთ ევროპაში კიდევ ერთი ოფისი გავხსნათ“, – განაცხადა გიორგი ციკოლიამ.
Lineate პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაა, რომელიც 4 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც არის წარმოდგენილი. ამერიკული კომპანიის საქართველოს რეგიონული ოფისი 2022 წელს დაარსდა.
Lineate-მა საქართველოში უკვე 25 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. გიორგი ციკოლიას ინფორმაციითვე, წელს, Lineate-ი საქართველოში 10-12 მლნ დოლარის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს.
bm.ge