LGBTI ხალხის უფრო სტიგმატიზების საფრთხეს ქმნის – ვენეციის კომისიის დასკვნა ანტი-ლგბტ კანონზე

ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანომ, ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ ანტი-ლგბტ კანონთან დაკავშირებით საკუთარი დასკვნა გამოაქვეყნა.
დასკვნაში პირველ რიგში ხაზგასმულია შეშფოთება, რომ ამ კანონის განხილვა დაიწყო მაშინ, როცა მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა და ხდებოდა საერთაშორისო დამკვირვებლების წუხილების უგულებელყოფა.
“უპირველეს ყოვლისა, ვენეციის კომისია წუხს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიზანიცაა საქართველოს კონსტიტუციასთან ინტეგრაცია და ეხება ძალიან სენსიტიურ საკითხებს, წამოიწყეს მაშინ, როცა მიმდინარეობდა ძლიერი და ხანგრძლივი მასობრივი პროტესტები, ძლიერი პოლიტიკური და სოციალური დაძაბულობა, მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა ეს ყველაფერი არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მიმდინარეობდა, ხდებოდა რამდენიმე საერთაშორისო დამკვირვებლის შეშფოთებების უგულებელყოფა.” – წერია დასკვნაში.
კომისიის რეკომენდაციით, კანონის მიღებამდე უნდა გადაიხედოს მათი შესაძლო გავლენა ნაციონალურ სისტემაზე და ჩატარდეს ანალიზი, რომელშიც ჩართული უნდა იყოს ყველა შესაბამისი პირი, მათ შორის თავად სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები.
“გარდა ამისა, ვენეციის კომისია რეკომენდაციას უწევს ახალი დებულებების მიღებამდე მათ ნაციონალურ სისტემაზე გავლენის საფუძვლიანი და დასაბუთებული ანალიზის ჩატარებას, რაშიც ჩართული იქნება საზოგადოების ყველა სეგმენტი და განსაკუთრებით სექსუალური და გენდერული უმცირესობების წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები, პროფესიონალები შესაბამისი სექტორიდან (სამართალი, ჯანდაცვა, განათლება, სოციალური მზრუნველობა და ა.შ.). ასეთი ანალიზი უნდა იყოს საჯარო და განხორციელდეს დროში, რომელიც ხელსაყრელია ჭეშმარიტი და მიუკერძოებელი კონსულტაციებისთვის, რაც სასწორზე არსებული საკითხების პატიოსნად და მიუკერძოებლად შეფასების შესაძლებლობას შექმნის.” – წერია დასკვნაში.
ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ ამ კანონპროექტის მხოლოდ განხილვაც კი საფრთხეს ქმნის, რომ საქართველოში სექსუალური უმცირესობებისთვის კიდევ უფრო მტრული გარემო შეიქმნება და მოხდება მათი მეტად სტიგმატიზაცია. კომისია ხელისუფლებას ურჩევს, რომ ეს კანონპროექტი არ მიიღოს.
“რაც შეეხება საკონსტიტუციო კანონპროექტის სამართლებრივ შეფასებას, ევროსასამართლო სასამართლოს პრეცედენტული სამართლისა და ვენეციის კომისიის წინა მოსაზრებების გათვალისწინებით, კომისია მიიჩნევს, რომ განხილული შესწორება შეუსაბამოა ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან ზემოხსენებული მიზეზების გამო და ამ ტექსტის მიღების წინადადებაც კი საფრთხეს ქმნის (კიდევ უფრო) გამძაფრდეს მტრული და სტიგმატიზებული ატმოსფერო LGBTI ადამიანების მიმართ საქართველოში. შესაბამისად, კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, რომ სრულად, ხელახლა დაფიქრდნენ კანონპროექტზე და არ გააგრძელონ მისი მიღება.” – აღნიშნულია დასკვნაში.
თუმცა, დასკვნაში ასევე ხაზგასმულია ისიც, თუ რა უნდა შეიცვალოს იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტზე მუშაობა გაგრძელდება.
“თუმცა, თუ საკონსტიტუციო კანონპროექტი შენარჩუნდება, კომისიის რეკომენდაციაა:
· საკონსტიტუციო კანონის პროექტის 1.1 მუხლის მოდიფიკაცია ისე, რომ შესაძლებელი იყოს ერთსქესიანი წყვილების იურიდიული აღიარება.
· კანონპროექტის 1.1 მუხლში სიტყვა გენეტიკური ამოღება.
· საკონსტიტუციო კანონპროექტის მუხლ 1.2-ში სიტყვა “ჰეტეროსექსუალის” “პირით” ან “ინდივიდით” ჩანაცვლება.
· საკონსტიტუციო კანონპროექტის 1.3 მუხლის წაშლა.
· საკონსტიტუციო კანონპროექტის 1.4 მუხლის პირველი ფრაზის (გენეტიკური მონაცემების შესაბამისად) წაშლა და საკმარისად დეტალური და ზუსტი კანონის დადგენა, ტრანსგენდერი ადამიანების რეგისტრირებული სქესის მარკერის შეცვლის სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი პროცედურების უზრუნველსაყოფად.
· საკონსტიტუციო კანონპროექტის მუხლი 1.5-ის წაშლა ან მისი ხელახალი ფორმულირება დისკრიმინაციის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
· საკონსტიტუციო კანონპროექტის 1.6, 1.7 და 1.8 მუხლების წაშლა და სანაცვლოდ ინცესტის ცალკე, სისხლის სამართლის კანონმდებლობით რეგულირება.”
– წერია ვენეციის კომისიის დასკვნაში.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და საპარლამენტო ასამბლეის განკარგულებაში რჩება, რათა ამ საკითხზე დახმარება გააგრძელოს.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 4 ივნისს ლგბტ უფლებების შემზღუდველი “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის შესახებ” კანონის პაკეტი წარადგინა და დაასახელა 8 საკითხი, რომელიც მოწესრიგებული იქნება აღნიშნული 19 კანონის მეშვეობით.
· ოცნება ანტი-ლგბტ კანონპროექტს აინიცირებს – რას მოიცავს ის
20 ივნისს ანტი-ლგბტ კანონს I მოსმენით მხარი იურიდიულმა კომიტეტმა დაუჭირა. ამავე დღეს მას მხარი დაუჭირა კიდევ ოთხმა: ადამიანის უფლებათა დაცვის, განათლების, დარგობრივი ეკონომიკისა და ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტებმა.