გამოცემა Le Figaro-ს ინფორმაციით, აშშ-სთან ერთად, რუსეთის ტერიტორიაზე შორი რადიუსის იარაღით, როგორებიცაა SCALP-ისა და Storm Shadow რაკეტები, იერიშების მიტანის უფლება უკრაინას საფრანგეთმა და გაერთიანებულმა სამეფომაც მისცა.
მანამდე, გამოცემა New York Times-მა ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯო ბაიდენმა უკრაინას პირველად დართო ნება, რუსეთში იერიშებისთვის აშშ-ს მიერ მიწოდებული შორი რადიუსის რაკეტები, როგორიცაა ATACMS-ები, გამოიყენოს.
გამოცემა New York Times-ის ცნობით, მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ სავარაუდოდ, უკრაინა ასეთი ტიპის შეიარაღებას რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინული ძალების დასაცავად რუსი და ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების წინააღმდეგ გამოიყენებს, თუმცა, ბაიდენმა შესაძლოა, მათ გამოყენებაზე ნებართვა რუსეთის სხვა წერტილებზეც გასცეს.
ამასთანავე, გამოცემასთან მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ ბაიდენმა ეს გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან უკრაინასთან ომში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ჩართვის პასუხად მიიღო.
Le Figaro-ს მიხედვით, ბაიდენის მხრიდან ეს გადაწყვეტილება “მოსალოდნელი” იყო, რადგან, მათი ცნობით, საფრანგეთსა და გაერთიანებულ სამეფოს ეს გადაწყვეტილება ზემოხსენებული ცნობების გავრცელებამდე ჰქონდათ მიღებული.
11 ნოემბერს The Telegraph წერდა, რომ ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შეეცდებიან დაარწმუნონ აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე ფრანკო-ბრიტანული Storm Shadow რაკეტების გამოყენების უფლება მიეცეს.
ბოლო პერიოდში ზელენსკი დასავლელ მოკავშირეებს მიწოდებულ შორი რადიუსის რაკეტებზე, მათ შორის ამერიკულ ATAMCS-ებსა და ბრიტანულ Storm Shadow-ებზე, შეზღუდვის მოხსნას სთხოვდა, რათა უკრაინამ რუსეთში იარაღის საწყობებსა და სხვა სახის სამიზნეებზე იერიშის მიტანა შეძლოს.