ფრანგული გამოცემა LA TRIBUNE საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უზბეკეთი და ყაზახეთი ფრანგული Dassault Aviation-ის მიერ წარმოებული ავიაგამანადგურებლების, Rafale-ს ყიდვით არიან დაინტერესებული.
გამოცემის ინფორმაციით, ცენტრალური აზიის ამ ორ ქვეყანაში ემანუელ მაკრონის ვიზიტის დროს განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ მათი Rafale-თი დაინტერესება იყო. საფრანგეთის პრეზიდენტი ყაზახეთსა და უზბეკეთს მიმდინარე წლის 1 და 2 ნოემბერს ეწვია, მას შემდეგ, რაც 2022 წლის 21 და 22 ნოემბერს პარიზში უზბეკეთის პრეზიდენტი, შამკატ მირზიევი, 29 და 30 ნოემბერს კი ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი ჩავიდნენ.
ფრანგული გამოცემის ინფორმაციით, ცენტრალური აზიის ქვეყნები Rafale-ს ყიდვით “ძალიან დაინტერესებული” არიან.
უზბეკეთს ძველი რუსული თვითმფრინავების – 12 MiG-29-ისა და 29 Sukhoi-ს – ჩანაცვლება სურს. როგორც LA TRIBUNE აღნიშნავს, ტაშკენტი ავიაგამანადგურებლების სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის, სამხრეთ კორეისგან შესყიდვასაც განიხილავს, თუმცა სავარაუდოა, რომ ქვეყანა თვითმფრინავებს შეერთებული შტატებისგან არ შეიძენს, რადგან ეს რუსეთთან ურთიერთობაზე ცუდად აისახება.
თუმცა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ყაზახეთის მიერ Rafale-ს ყიდვა უფრო შორეული “პერსპექტივა” უნდა იყოს, რადგან ასტანასა და მოსკოვს შორის არსებული პოლიტიკური ურთიერთობები დასავლური მწარმოებლისგან იარაღის მიწოდებისთვის სახარბიელო სულაც არაა.
მიუხედავად ამისა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, საფრანგეთმა გადაწყვიტა რეგიონში თავისი ბედი თამამად გამოცადოს და ყაზახეთსა და უზბეკეთს პარტნიორების დივერსიფიკაციაში დაეხმაროს.