ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში KIU-ს და GITA-ს ინოვაციების საზაფხულო სკოლის დახურვისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა, KIU-ს კანცლერი თეა იმედაძე, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე, პროექტის მენტორები და სტუდენტები დაესწრნენ.
2024 წლის საზაფხულო სკოლა ივლისში დაიწყო და სამი თვის მანძილზე მიმდინარეობდა. ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, უკვე მეოთხედ განხორციელდა.
წელს პროექტში 40-მდე წარმატებული სტუდენტი ჩაერთო. საზაფხულო სკოლის ფარგლებში KIU-ს სტუდენტებმა გაიარეს სტარტაპის შენების კურსი, ანტრეპრენერების, ნიკოლოზ გოგოჭურისა და ნიკოლოზ როსტომაშვილის ავტორობით. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეუმჯობესებინათ ინოვაციური აზროვნების, „იდეაციისა“ და სტარტაპის შენების ძირითადი უნარები და მიეღოთ სტარტაპის საწყისი ეტაპის წარმართვისთვის საჭირო პრაქტიკული გამოცდილება. სტუდენტები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მიმართულებით, დაამუშავეს საკუთარი იდეები, დააკომპლექტეს გუნდები და ინოვაციური პროექტების მოდელები ჟიურის წინაშე წარადგინეს. ფინალურ ეტაპზე, დემო დღეს 10-მდე პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
2024 წლის საზაფხულო სკოლის გამარჯვებული პროექტი გახდა „ვიჟინერი/VisionARy“, რომელიც გახლავთ AR ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ავეჯის შეძენის მოქნილი ონლაინ პლატფორმა. პროექტზე იმუშავეს სტუდენტებმა მიხეილ უჯერაშვილმა, საბა საკანდელიძემ, გიორგი გაგუამ, მარიამ კაპანაძემ და ანრი აზრუმელაშვილმა. გასული წლების მსგავსად, გამარჯვებული პროექტის ავტორები KIU-სა და GITA-გან სპეციალური პრიზით დაჯილდოვდნენ. საზაფხულო სკოლის რჩეული გუნდი პორტუგალიაში, ინოვაციების ვებსამიტზე გაემგზავრება, სადაც საკუთარ პროექტს წარადგენს და გამოფენაშიც მიიღებს მონაწილეობას.
ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა 2021 წლიდან იმართება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ოთხი წლის განმავლობაში მასში KIU-ს 200-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. პროექტის ფარგლებში სტუდენტების მიერ ინიციირებული ათობით სტარტაპ იდეა განხორციელდა. მონაწილეთა უმრავლესობამ კი პრაქტიკაში დანერგა მიღებული ცოდნა და გამოცდილება. ბევრმა მათგანმა საკუთარ სტარტაპ ბიზნესს ჩაუყარა საფუძველი და სხვადასხვა ტიპის დაფინანსებაც მიიღო.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შორის 2021 წელს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში GITA თანამშრომლობს უნივერსიტეტთან ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების მიზნით და მასთან ერთად სხვადასხვა ინოვაციურ პროექტზე მუშაობს.
ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს