Kazbegi Inn Cottages ფართოვდება. ამის შესახებ ობიექტის დამფუძნებელმა, ანი სუარიძემ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა. კომპანიამ გადაწყვიტა ინფრასტრუქტურის გაფართოება და ორი ახალი კოტეჯის დამატება.
“ვამატებთ კიდევ ორ ახალ კოტეჯს და იმედი გვაქვს, რომ დაახლოებით 1 თვეში მეტ დამსვენებელს მივიღებთ,“ – აცხადებს სუარიძე.
ამჟამად, Kazbegi Inn Cottages-ს სამ კოტეჯს აერთიანებს, რომლებიც ოჯახებსა და ტურისტულ ჯგუფებზეა გათვლილი, ახალი კოტეჯები კი ერთ საძინებლიანი იქნება.
“ამ ეტაპზე, 23 ადამიანის მასპინძლობა შეგვიძლია, ხოლო ახალი კოტეჯების დამატების შემდეგ 30-მდე სტუმრის მიღება იქნება შესაძლებელი“, – აღნიშნა ტურისტული ობიექტის დამფუძნებელმა.
ახალი კოტეჯებისთვის ამ დროისთვის შიდა მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო კომპანიის გეგმებში სამომავლო განვითარებაც შედის.
„ფინანსური რესურსების მოძიების ეტაპზე ვართ, რათა მომავალი ზრდა უზრუნველვყოთ“, – დასძენს ანი სუარიძე.
ფასები ამჟამად 250-დან 600 ლარამდე მერყეობს, რაც დამოკიდებულია სეზონსა და სტუმრების რაოდენობაზე. ახალი კოტეჯების ღირებულება კი არსებულისგან განსხვავებული იქნება, თუმცა ფასის განსაზღვრა მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული.
ინფორმაციისთვის, Kazbegi Inn Cottages ორ წელზე მეტია ფუნქციონირებს.
