აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიNeil Hall/EPA/Bloombergაშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 6 აპრილს რეპორტიორებს განუცხადა, რომ ირანის განადგურება ერთ ღამეში შეიძლება და დაამატა, რომ “ეს ღამე შესაძლოა, ხვალ იყოს”.
პარალელურად, გამოცემა Jerusalem Post-ს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა აცნობა, რომ აშშ-ს არმიამ ირანის წინააღმდეგ იერიშებისთვის სამზადისი სამუშაოები დაასრულა, თუკი სამშაბათს თეირანისთვის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ვადა შეთანხმების დადების გარეშე ამოიწურება.
თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანთან ომი შესაძლოა, “ძალიან მალე” დასრულდეს, თუ რეჟიმი შეთანხმების დადებაზე თანახმა იქნება. მან ასევე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ირანის რეჟიმი ახლა უფრო “გონივრული და ნაკლებად რადიკალიზებულია.”
ამავდროულად, სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს პრეზიდენტმა ირანში ჩამოგდებული F-15-ის პილოტების გადარჩენის დეტალებზეც ილაპარაკა.
მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან 45 დღით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მხარეებისთვის წარდგენილი წინადადება მნიშვნელოვანი, მაგრამ არასაკმარისი ნაბიჯია.
გამოცემა Axios წერდა, რომ აშშ, ირანი და რეგიონის ქვეყნების შუამავლები შესაძლო 45-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის პირობებს განიხილავენ, რამაც შესაძლოა, საბოლოოდ ომის დასრულებაც გამოიწვიოს.
Axios: აშშ-ირანის მოლაპარაკებებზე მხარეები 45 დღით ცეცხლის შეწყვეტის გეგმას განიხილავენ
წყაროების მიხედვით, მომდევნო 48 საათის განმავლობაში, როცა პრეზიდენტი ტრამპის მიერ დადგენილი ვადა იწურება, შეთანხმების მიღწევის შანსები მცირეა, თუმცა, ბოლო ძალისხმევა ერთადერთ შანსს იძლევა, რათა არ მოხდეს ომში შესაძლო ესკალაცია მას შემდეგ, რაც ტრამპი ირანის რეჟიმს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიშებით დაემუქრა.
ცნობისთვის, პრეზიდენტი ტრამპის მიერ ირანისთვის მიცემული 10-დღიანი ვადა ორშაბათს უნდა ამოწურულიყო, თუმცა, კვირას, 5 აპრილს, ტრამპმა Truth Social-ზე განაცხადა, რომ ახალი ბოლო ვადა ვაშინგტონის დროით სამშაბათს, 20:00 საათამდე (თბილისის დროით 7 აპრილის 04:00 საათამდე), გაახანგრძლივა.
კვირას ტრამპმა Axios-თან საუბრისას აღნიშნა, რომ აშშ ირანთან “სიღრმისეულ მოლაპარაკებებს” მართავს და დაამატა, რომ სამშაბათს, ვადის ამოწურვამდე, შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.
“ამის კარგი შანსია, მაგრამ თუ შეთანხმებას არ დადებენ, იქ ყველაფერს ავაფეთქებ,” თქვა მან.
აპრილის დასაწყისში აშშ-ს პრეზიდენტი ირანის რეჟიმს ხიდებისა და ელექტროსადგურების განადგურებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამერიკასთან შეთანხმებას არ დადებდნენ.
ტრამპი ირანის რეჟიმს ინფრასტრუქტურის განადგურებით ემუქრება, თუ შეთანხმებას არ დადებენ
“ჩვენს არმიას, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უდიდესსა და ყველაზე ძლიერის, არც კი დაუწყია იმის განადგურება, რაც ირანში დარჩა. შემდეგი ხიდებია, მერე კი – ელექტროსადგურები!” – წერდა ტრამპი.