Jerusalem Post-ის თანახმად, ისრაელმა აშშ-ს განუცხადა, რომ იერუსალიმი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ერთპიროვნულად იმოქმედოს – კერძოდ, შესაძლოა, დამოუკიდებლად დაბომბოს ირანი, თუ თეირანი ბალისტიკურ რაკეტებთან დაკავშირებით “წითელ ხაზს” გადაკვეთს.
“ჩვენ ვუთხარით ამერიკელებს, რომ მარტო მივაყენებთ დარტყმას, თუ ირანი გადაკვეთს ბალისტიკური რაკეტებისთვის ჩვენ მიერ დადგენილ წითელ ხაზს”, – უთხრა გამოცემას წყარომ.
გამოცემის თანახმად, ისრაელის თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა აშშ-ს ოფიციალურ პირებს უკვე აცნობეს, რომ ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამა ეგზისტენციურ საფრთხეს წარმოადგენს.
უსაფრთხოების წყაროების ცნობით, ბოლო კვირებში მაღალი დონის არაერთი კონტაქტის ფარგლებში, ისრაელმა პარტნიორებს გადასცა თავისი განზრახვა ირანის სარაკეტო შესაძლებლობებისა და წარმოების ინფრასტრუქტურის განადგურების თაობაზე.
Jerusalem Post წერს, რომ სამხედრო ოფიციალურმა პირებმა წარმოადგინეს ოპერაციული კონცეფციები, რომლებიც პროგრამის შესუსტებას ისახავს მიზნად, მათ შორის დარტყმებს საკვანძო საწარმოო ობიექტებზე.
აღსანიშნავია, რომ 11 თებერვალს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში ჩავა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება. შეხვედრის მთავარი თემა ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებები იქნება.




