ბრჭყვიალა ღვინის მწარმოებელი კომპანია Istoria Wine ბათუმის ბაზარზე შევიდა და ღვინის ბუტიკთან დაპარტნიორდა. ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა, ანა კამინსკენემ BM.GE-სთან ისაუბრა.
მისივე ცნობით, მათი გახსნის დღიდან რეგიონებიდან მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალი იყო, თუმცა სხვადასხვა დღესასწაულის პერიოდში პროდუქტის დროული ტრანსპორტირება და მიწოდება გაზრდილი მოთხოვნის ფონზე გამოწვევა იყო.
შესაბამისად, კომპანიამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ადგილობრივ ღვინის ბუტიკთან ეთანამშრომლა, რაც მომხმარებელს პროდუქტის ადგილზე, ფიზიკურად ნახვისა და შეძენის შესაძლებლობას მისცემდა.
„რეგიონში გავედით და ბათუმში მდებარე ერთ-ერთ ღვინის ბუტიკთან დავპარტნიორდით. 3 თებერვალს გვქონდა მინი პრეზენტაცია და უკვე რამდენიმე დღეა ჩვენი ბრჭყვიალა ღვინოები ბათუმშიც ხელმისაწვდომია.
გახსნის დღიდან, ბათუმიდან და ქუთაისიდან ძალიან დიდი მოთხოვნა გვქონდა. ახალი წლებია თუ ვალენტინობა, როდესაც მოთხოვნა იზრდება, საკურიერო სამსახურს შეკვეთის ჩაბარება დროულად უჭირს. ამიტომ, გვინდოდა, რომ ბათუმში ჩვენი პატარა კუთხე გვქონოდა, სადაც ხალხი ადგილზე შეძლებდა მისვლას და ფიზიკურად დათვალიერებას. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ კონკრეტულ მაღაზიასთან გვეთანამშრომლა“, – განაცხადა Istoria Wine-ის თანადამფუძნებელმა.
ანა კამინსკენე ჩვენთან საუბრისას სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ რეგიონული გაფართოება მხოლოდ ბათუმით არ შემოიფარგლება. ამ დროისათვის კომპანია საქართველოს კიდევ ორ რეგიონში, ქუთაისსა და ზუგდიდში აწარმოებს მოლაპარაკებას. ის დასძენს, რომ სავარაუდოდ მარტის თვეში უკვე ამ ორ რეგიონშიც შევლენ.
ცნობისთვის, საქართველოში ბრჭყვიალა ღვინის მწარმოებელი კომპანია – ISTORIA WINE მეორე წელია რაც ბაზარზე წარმატებით ოპერირებს. კომპანია ბრჭყვიალა ღვინოს ერთ-ერთ ქარხანასთან თანამშრომლობით აწარმოებს
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/ghvino-botlebi-spirtiani-sasmelebi_w_h-KYLQ1B-300x169.jpeg)