ISIS-მა დაღესტანში მომხდარი ტერაქტებისთვის კავკასიელი “ძმები” შეაქო

23 ივნისს დაღესტანში მომხდარ თავდასხმას ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფო (ISIS) გამოეხმაურა.
“ჩვენმა კავკასიელმა ძმებმა, აჩვენეს, რომ კვლავ ძლიერები არიან და რის გაკეთება შეუძლიათ”. – წერს ISIS-ის ქვედანაყოფი ხორასნის ვილაიეთი.
ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ანგარიშის მიხედვით, დაღესტანში მომხდარი ტერაქტის უკან ხორასნის ვილაეთის ქვედანაყოფი დგას.
ხორასნის ვილაიეთმა მიმდინარე წლის მარტში, მოსკოვში, კროკუს სითი ჰოლში მომხდარ ტერაქტზე აიღო პასუხისმგებლობა. დაჯგუფების მიერ არაერთი ტერაქტია ორგანიზებული კავკასიასა და ს სხვა რეგიონებში.
23 ივნისს, დაახლოებით 18:00 საათზე, დაღესტნის ქალაქებში მაჰაჩყალასა და დერბენტში უცნობი შეიარაღებული პირები 2 მართლმადიდებლურ ეკლესიას, სინაგოგას და საგზაო პოლიციის პუნქტს დაესხნენ თავს.
ბოლო მონაცემებით დაღესტანში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულია 20 ადამიანი, აქედან 15 სამართალდამცავი და 5 მშვიდობიანი მაცხოვრებელი.
დაღუპულთა შორის არის მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირი და ეკლესიის დაცვის თანამშრომელი.
ოფიციალური მონაცემებით ლიკვიდირებულია 5 თავდამსხმელი, თუმცა დაღესტნის რესპუბლიკის მეთაურის, სერგეი მელიკოვის თქმით, მოკლულია 6 ტერორისტი.
ტერაქტის შედეგად ასევე დაშავებულია 22 ადამიანი.
რუსული ოპოზიციური მედია Meduza-ს ინფორმაციით, დაღესტანში მომხდარ ორ ტერაქტში სერგოკალინსკის ოლქის გამგებლის, მაგომედ ომაროვის ორი შვილი, ოსმან და ადილ ომაროვები, მონაწილეობდნენ.