სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED), რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულმასშტაბიან მონიტორინგს განახორციელებს, წინასაარჩევნო გარემო შეაფასა.
ISFED-ის განცხადების მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს გადამწყვეტი როლი ენიჭება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით, რადგან ეს არჩევნები იქნება პირველი საქართველოს ისტორიაში, რომელიც EU-ს წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ქვეშ გაიმართება და ასევე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება.
“ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესის მისაღწევად, ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის გაცემულ 9 რეკომენდაციას შორის ერთ-ერთი თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა”, – წერია განცხადებაში.
ISFED-ის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საქართველოს მოქალაქეთა ნების საწინააღმდეგოდ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებამ მნიშვნელოვნად დააზიანა.
“აღნიშნული კანონი ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ და დემოკრატიულ განვითარებას და ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და კრიტიკული მედია ორგანიზაციების არსებობას… ამ ვითარებაში, საზოგადოების მხრიდან საარჩევნო პროცესების შეფასებისა და ნდობის მიზნით, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება არჩევნების მიუკერძოებელ დაკვირვებას”, – აღნიშნა ISFED-მა.
