სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), რომელიც საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა და ხმების პარალელურ დათვლასაც აწარმოებდა, ამბობს, რომ დათვლის მონაცემებს არ აცხადებს, რადგანაც ის ვერ გამოდგება დარღვევებით მიმდინარე არჩევნების შესაფასებლად.
„2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს გამოვლენილი ფუნდამენტური ხასიათის დარღვევების ერთობლიობამ გავლენა მოახდინა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე და, შესაბამისად, არჩევნების შედეგები ვერ განიხილება როგორც საქართველოს ამომრჩევლის ნების გამოხატულება. აქედან გამომდინარე, „სამართლიანმა არჩევნებმა“, ორგანიზაციის ისტორიაში პირველად, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული ხმების პარალელური დათვლის მონაცემები არ გამოაცხადა, ვინაიდან ის ვერ იქნება გამოყენებული, როგორც 2024 წლის საარჩევნო პროცესის ვალიდურობის საზომი“, — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ISFED-მა მანამდეც განაცხადა, რომ „არჩევნების შედეგები შესაძლოა სათანადოდ არ ასახავდეს ამომრჩევლების ნებას“.
ISFED-ის შეფასებით, „წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილმა დარღვევებმა, კერძოდ, ამომრჩევლებზე ზეწოლამ, დაშინებამ, პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ჩამორთმევამ, პერსონალური მონაცემების შეგროვებამ/დამუშავებამ და ამომრჩევლების მოსყიდვამ, მნიშვნელოვნად დააზიანა არჩევნების მიმართ ნდობა“.
სამოქალაქო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიები, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები აცხადებენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრა მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე, ძირითადად უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა, ამომრჩევლის ნებას არ ასახავს და ითხოვენ შედეგების გაბათილებას.
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წევრებმა ხაზი გაუსვეს, რომ:
· არჩევნები ხასიათდებოდა პოლიტიკური და მედიალანდშაფტის მძაფრი პოლარიზებით, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული სიძულვილის ენითა და პრეზიდენტის აპარატის წინააღმდეგ მიმართული ანტაგონიზმით.
· ადგილი ჰქონდა ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის ფაქტებს.
· ხმის მიცემის ფარულობა ხშირად იყო კომპრომეტირებული.
· მისიამ შენიშნა პოლიტიკური განხეთქილების უწყვეტი გაღრმავება, ფინანსური რესურსების მნიშვნელოვანი უთანასწორობა და მმართველი პარტიის მიერ თავისი უპირატესობებით სარგებლობის ბევრი შემთხვევა, რამაც ისედაც უთანასწორო საასპარეზო ველი კიდევ უფრო უთანასწორო გახადა.
· შეშფოთებული არიან საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო და 26 ოქტომბრის არჩევნები ამ უკუსვლის დადასტურებაა.
ამავე თემაზე:
ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის შეფასება 26 ოქტომბრის არჩევნებზე #მევნახეგაყალბება — სოციალურ ქსელში კამპანია დაიწყო