ISFED: ოცნების საარჩევნო კამპანიაში ჩართული პირები ამომრჩეველზე ზეწოლას ცდილობენ

სამართლიანი ს ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში ორგანიზაციის გრძელვადიანი დამკვირვებლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხშირად იღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საარჩევნო კამპანიაში მმართველი პარტიის სასარგებლოდ ჩართული პირები ამომრჩეველზე, მათ შორის საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ ადამიანებზე, ზეწოლას სხვადასხვა გზებით ცდილობენ.
ორგანიზაციაში კანონმდებლობის დარღვევის ზოგიერთ ფაქტზე საუბრობენ:
· მმართველი პარტიის აქტივისტები სხვადასხვა მიზეზით, ამომრჩეველთა ნაწილს სთხოვენ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დროებით მათთვის გადაცემას (მაგალითად: ზუგდიდი, ბორჯომი, ხაშური, ლაგოდეხი, გურჯაანი, ყვარელი). არჩევნებში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს წარმოადგენს. “სამართლიანი არჩევნები” მოუწოდებს ამომრჩევლებს, არავის გადასცენ საკუთარი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუკი არსებობს ზემოთ აღწერილი გარემოება.
· საბიუჯეტო ორგანიზაციებში, ასევე, ზოგიერთ კერძო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს მათი ხელმძღვანელები ავალებენ, მმართველი პარტიის სასარგებლოდ, სავარაუდო მხარდამჭერთა სიების შედგენას და მათთვის გადაცემას (მაგალითად: თბილისი, ბოლნისი, ლაგოდეხი, ჩოხატაური, გურჯაანი, ქარელი, საგარეჯო, ყვარელი, თელავი და დედოფლისწყარო); თანამშრომლებისთვის მსგავსი დავალებების მიცემა, ასევე, ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების ამ ფორმით მოპოვება, შენახვა, დამუშავება უკანონოა.”სამართლიანი არჩევნები” მოუწოდებს საბიუჯეტო და კერძო ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებს, თავი შეიკავონ უკანონო დავალებების მიცემისგან. ასეთ შემთხვევებში თანამშრომლებს უფლება აქვთ, არ შეასრულონ მიღებული უკანონო დავალება, რაც უშუალოდ არ გამომდინარეობს სამსახურეობრივი ფუნქციიდან;
· მმართველი პარტიის აქტივისტები ამომრჩევლებს, მათი ხმების სანაცვლოდ, ურიგებენ პროდუქტს, საწვავის ტალონებს ან სთავაზობენ მომსახურების გაწევას. (მაგალითად: თბილისი, ზუგდიდი, ახალქალაქი, ქარელი, კასპი, ბორჯომი, ხაშური). ამომრჩევლის მოსყიდვა საქართველოს კანონმდებლობით, სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს და ითვალისწინებს როგორც ამომრჩევლის მომსყიდველი პირის, ისე მოსყიდული ამომრჩევლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდება ამომრჩეველი თუ იგი ამ ფაქტის თაობაზე ნებაყოფლობით განუცხადებს შესაბამის ორგანოს;
· მმართველი პარტიის აქტივისტები არასაჯარო საკომუნიკაციო არხების მეშვეობით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ არჩევნების დღეს გამოყენებული ელექტრონული აპარატების მეშვეობით ისინი გაიგებენ, თუ რომელ პარტიას მისცემს ხმას ესა თუ ის ამომრჩეველი (მაგალითად: ზუგდიდი, ადიგენი, ქარელი, გორი, ბორჯომი, ხაშური, ლაგოდეხი, გურჯაანი, ყვარელი, დედოფლისწყარო და თელავი). საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული არაერთი განცხადებით, ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენება უსაფრთხოა და ვერავინ გაიგებს, რომელმა ამომრჩეველმა რომელ პარტიას მისცა ხმა. ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატები ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული და საარჩევნო ბიულეტენი არ შეიცავს რაიმე ინფორმაციას, რითაც შესაძლებელი იქნება კონკრეტული ამომრჩევლის ბიულეტენთან დაკავშირება. შესაბამისად, კენჭისყრის ფარულობა უზრუნველყოფილია.