ISFED: ამომრჩეველთა გენდერულ მონაცემებში შეუსაბამობებზე ცესკოს განმარტებები არასაკმარისია

სამართლიანი ს (ISFED) განახლებული განცხადებით თანახმად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჩატარებული ორი ბრიფინგის მიუხედავად, ვერ უპასუხა იმ კითხვებს, რომელიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით სამართლიანმა არჩევნებმა 7 ნოემბრის განცხადებაში დასვა.
-მ 8 ნოემბერს გაკეთებული განცხადებით 11 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულზე მეტი კაცი ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემა საუბნო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული არაზუსტი მონაცემებით ახსნა, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციას არ წარმოუდგენია მოცემულ საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობის დაზუსტებული მონაცემები გენდერულ ჭრილში. შესაბამისად, გაურკვეველია, როგორ ნაწილდება ამ უბნებში კენჭისყრაში მონაწილე კაცი და ქალი ამომრჩევლების რაოდენობა”, – წერია ოფიციალურ განცხადებაში.
ISFED-ის ცნობით, ცესკო-ს განცხადება იმის შესახებ, რომ კაცი და ქალი ამომრჩევლების აქტივობის მონაცემებში ცვლილება მხოლოდ 11 საარჩევნო უბნის 150 ამომრჩეველს შეეხო, არასწორი ინფორმაციაა. სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, ამას ცესკო-ს ვებგვერდზე 26 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემებში აუხსნელი ცვლილებებიც ადასტურებს.
“მაგალითად, 73 საარჩევნო ოლქიდან 57-ში დაფიქსირდა არჩევნებში მონაწილე კაცი ამომრჩევლების, ხოლო 2 საარჩევნო ოლქში ქალი ამომრჩევლების რაოდენობის კლება, რაც შესაძლებელია, აიხსნას მხოლოდ მათში შეცდომის არსებობით ან მონაცემების მანიპულაციით. საერთო ჯამში, კენჭისყრის დღის შემდეგ, ცესკოს მონაცემებში დაფიქსირდა არჩევნებში მონაწილე კაცი ამომრჩევლების რაოდენობის კლება 88 975-ით და ქალი ამომრჩევლების რაოდენობის ზრდა 91 911-ით. საყურადღებოა, რომ 10 საარჩევნო ოლქში შეუსაბამობა გამოვლინდა არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების საერთო რაოდენობის მონაცემებშიც. მაგალითად, #22 მარნეულის საარჩევნო ოლქში, ცესკოს 26 ოქტომბრის ინფორმაციით, გამოცხადებული იყო 41 766 ამომრჩეველი, ბოლოს მიღებული მონაცემები კი აჩვენებს 43 858 ამომრჩევლის გამოცხადებას. საარჩევნო ადმინისტრაციას არ განუმარტავს, თუ რამ გამოიწვია მსგავსი არალოგიკური ცვლილებები მის მიერ გამოქვეყნებულ და საზოგადოებისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში, თუკი შეცდომა მხოლოდ 11-მა საუბნო საარჩევნო კომისიამ დაუშვა”, – წერია ISFED-ის განცხადებაში.
სამართლიანი არჩევნების განცხადებით, სადაც კაცი და ქალი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის განსხვავება არაბუნებრივად მაღალია, საარჩევნო ადმინისტრაცია არ გამოხმაურებია. “თუკი ცესკო გამორიცხავს ამგვარი საარჩევნო უბნებიდან მონაცემების შეგროვებისას შეცდომის დაშვებას, ნორმალური განაწილებიდან კაცი ან ქალი ამომრჩევლის აქტივობის გადახრა შესაძლოა, კენჭისყრის პროცესში გამოყენებულ მანიპულაციებზე მიუთითებდეს”.
“სამართლიანი არჩევნები საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ, ცესკოს ბოლო მონაცემებით, 275 საარჩევნო უბანზე კაცი და ქალი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა 20 პროცენტულ პუნქტს აღემატება. მათ შორის, 243 საარჩევნო უბანზე, სადაც კაცი ამომრჩევლის აქტივობა არაბუნებრივად ჭარბობს, ამომრჩეველთა ერთიან სიაში კაცი და ქალი ამომრჩევლების საშუალო წილი 50-50 პროცენტს შეადგენს, მაშინ როდესაც ამავე უბნებზე ერთიანი სიიდან ამომრჩეველთა აქტივობის საშუალო დონე ქალების შემთხვევაში 48%, ხოლო კაცების შემთხვევაში 77%-ია. 32 საარჩევნო უბანზე, სადაც ქალი ამომრჩევლის არაბუნებრივად მაღალი აქტივობაა გამოხატული, ერთიან სიაში კაცი ამომრჩევლები საშუალოდ 51%-ით, ხოლო ქალები 49%-ით არიან წარმოდგენილი, თუმცა კაცი ამომრჩევლების აქტივობის საშუალო დონე ამ უბნებზე 48%-ს, ქალების კი 80%-ს უტოლდება”, – ნათვქამია განცხადებაში.
სამართლიანი არჩევნების განცხადებით, ცესკო-სგან ჯერ კიდევ არ მიუღია გამოთხოვილი ინფორმაცია საარჩევნო უბნებში სპეციალურ სიებში გენდერული შემადგენლობის შესახებ. თუმცა, ISFED აღნიშნავს, რომ როგორც არ უნდა ნაწილდებოდეს სპეციალური სიიდან არჩევნებში მონაწილე კაცი და ქალი ამომრჩევლების რაოდენობა, ცესკოს მონაცემებზე დაყრდნობით, უბნების მნიშვნელოვან ნაწილში ამომრჩეველთა აქტივობის არაბუნებრივი ხასიათი უცვლელი რჩება.
“სამართლიანი არჩევნები ცესკო-ს მოუწოდებს, სრულყოფილი პასუხები გასცეს მისი მისამართით არსებულ კითხვებს, წარმოადგინოს საარჩევნო უბნებიდან მიღებული ქვითრები და ანგარიშები ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ და საზოგადოებას მიაწოდოს დადასტურებულად ზუსტი ინფორმაცია 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა გენდერული შემადგენლობის შესახებ საარჩევნო უბნების მიხედვით, რაც მნიშვნელოვანია სტატისტიკური ანალიზის შედეგად გამოვლენილი არაბუნებრივი მაჩვენებლების ასახსნელად”, – აღწერილია განცხადებაში.