IRANINTL: სომხეთმა ირანთან იარაღის შესყიდვის $500-მილიონიანი საიდუმლო კონტრაქტი დადო

გამოცემა Iran International-ის ინფორმაციით, ირანმა და სომხეთმა სამხედრო შეიარაღების შესყიდვის საიდუმლო შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის ღირებულებაც $500 მილიონს შეადგენს. გამოცემა აღნიშნულ ცნობას ვითარებასთან დაკავშირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემამ ასევე ირწმუნება, რომ მოიპოვა სამხედრო მასალების სია, რომლებიც ირანმა სომხეთს შეთანხმების ფარგლებში უნდა მიაწოდოს. Iran International-ის ცნობით, შეთანხმება შაჰედ 136-ის, შაჰედ 129-ის, შაჰედ 197-ის, ასევე Sevom Khordad-ის, Majid-სა და Arman-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს მოიცავს.
გამოცემის ინფორმაციით, ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით ცნობები აქამდე არ გავრცელებულა, ხოლო ირანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს Iran International-ის მხრიდან კომენტარის მოთხოვნაზე პასუხი არ გაუციათ.
სომხური რადიომაუწყებელი Public Radio of Armenia-ს ინფორმაციით, სომხეთში ირანის ელჩმა მეჰდი სობჰანმა საიდუმლო შეთანხმებასთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობები უარყო.
ირანის ელჩის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია “არასანდო მედიის” მიერ არის გავრცელებული, “რომელიც წარსულში მცდარ ინფორმაციასა და საზიანო ანალიზებს ავრცელებდა ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან დაკავშირებით”.
თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ 22 ივლისს ირანთან $500 მილიონის ღირებულების საიდუმლო შეთანხმებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობებს “წარმოსახვითი, გამოგონილი მასალა” უწოდა.
რამდენიმე დღის წინ, ინდოეთის ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სომხეთი ინდური შეიარაღების უდიდესი იმპორტიორი გახდა.
სომხეთმა ამ შედეგს მაშ შემდეგ მიაღწია, რაც ინდოეთისგან Pinaka-ს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემისა და Akash-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის შეძენის კონტრაქტები გააფორმა.
მიმდინარე ფისკალური წლის განმავლობაში, მედია IADN ინდოეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ სომხეთის მიერ შეძენილი შეიარაღების ფასი 600 მილიონ დოლარს უტოლდება.