თეირანი, 2026 წლის 8 იანვარი.ინგლისურენოვანი დამოუკიდებელი ირანული მედია, Iran International-ი საკუთარი ინფორმაციით წერს, რომ ირანელმა ძალოვნებმა იანვარში დაკავების დროს აწამეს და რამდენჯერმე ჯგუფურად გააუპატიურეს მედდები, რომლებიც იანვარში დაჭრილ და დაშავებულ დემონსტრანტებს მკურნალობდნენ.
მედიას ინფორმაცია თეირანში მყოფმა ანონიმურმა წყაროებმა მიაწოდეს. მსხვერპლები იყვნენ თეირანის რაჯაეის გულ-სისხლძარღვთა სამედიცინო და კვლევითი ცენტრიდან.
ერთ-ერთი მედდა 33 წლის იყო. მასზე პერიოდულად ძალადობდნენ და აუპატიურებდნენ, როცა ის დაკავებული იყო. ანონიმური წყაროების თქმით, ის სექსუალური ხასიათის წამების მსხვერპლი იყო და დღეების განმავლობაში ორ-სამკაციანი ჯგუფი აუპატიურებდა. ძალადობრივი ქმედებისთვის იყენებდნენ სხვადასხვა ობიექტებსაც. წყაროების ცნობით, ქალმა იმდენად მძიმე დაზიანებები მიიღო, რომ საჭირო გახდა მისი სწორი ნაწლავის ნაწილის მოკვეთა. მათივე თქმით, ძალადობის მსხვერპლს დასჭირდა საშვილოსნოზე ორი ოპერაციის ჩატარება და შესაძლოა ორგანოს სრულად ამოკვეთა დასჭირდეს. მედიის ცნობით, ქალის ფსიქიკური მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ის მიბმულია საწოლზე, რათა საკუთარ თავს დაზიანებები არ მიაყენოს.
ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი გახდა კიდევ ერთი მედდა. მძიმე სისხლდენის გამო ექიმებს მისი საშვილოსნოს ამოკვეთა მოუწიათ. წყაროების თქმით, ერთ-ერთი მედდის ოჯახს მოუწია დიდი თანხის გადახდა, რათა ძალოვნებს ქალი პატიმრობიდან გაეთავისუფლებინათ. ანონიმური პირების თქმით, ფულის გადახდის შემდეგ მოამზადეს მსხვერპლის ერთ-ერთ ძალოვანზე “დროებითი ქორწინების” დოკუმენტი, რათა მისი გათავისუფლების წინაპირობა შეექმნათ. ამავე ინფორმაციით, ქალს ხელი მოაწერინეს დოკუმენტზე, რომლითაც ის აცხადებდა, რომ ის დემონსტრანტებმა გააუპატიურეს.
ირანში მასშტაბური დემონსტრაციები დეკემბრის ბოლოს დაიწყო და იანვარში გაგრძელდა. რეჟიმმა მომიტინგეების სხვადასხვა ქალაქებში დახოცა. დაღუპულთა რიცხვი, მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, 30 000 ადამიანს აღემატება. ირანელმა ძალოვნებმა რეიდები მოაწყვეს საავადმყოფოებზეც, სადაც დემონსტრანტებს მკურნალობდნენ.



