IPOA-ს მიერ გამართლებული მოლოდინები და საქპატენტისგან მინიჭებული სამუდამო აკრედიტაცია

ერთი წელია, რაც საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში არსებობს ერთადერთი აკრედიტებული ასოციაცია IPOA (ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაცია). ასოციაციამ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა სფეროს განვითარებაში, საგრძნობლად გაიზარდა ავტორ-შემსრულებელთა ყოველთვიური ჰონორარის ოდენობა. ამის შესახებ IPOA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, 2025 წლის იანვარში IPOA-მ საქპატენტისგან უვადო აკრედიტაცია მიიღო.
ასოციაციაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ, თამარ გვარიშვილმა და ავტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მ ისაუბრეს.
იპოას გამგეობის თავმჯდომარის, თამარ გვარიშვილის განცხადებით, IPOA-ს მთავარი ფასეულობებია: გამჭვირვალობა, ეფექტურობა და საერთო კმაყოფილება.
„პირველ რიგში, მინდა მადლობით დავიწყო, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ნდობა და გულშემატკივრობა, რომელსაც მუდმივად ვიღებთ ჩვენი უფლებამფლობელებისაგან. მოგეხსენებათ რომ ასოციაცია ეკუთვნით სწორედ მათ, და გამგეობის არსებული შემადგენლობა წევრების მიერ არის არჩეული. უფლებამფლობელთა აქტიური მხარდაჭერით ასოციაციამ უვადო აკრედიტაციაც მოიპოვა, რაც ჩვენთვის დიდ წარმატებასთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობაცაა. ასოციაცია აერთიანებს 2 ათასამდე ხელოვანს, მათ შემოქმედებაზე ზრუნვა ჩვენი ყოველდღიური საქმიანობაა.
გამჭვირვალობა, ეფექტურობა და საერთო კმაყოფილება არის ჩვენი მთავარი ფასეულობები.
ქვეყანაში არსებული უამრავი გამოწვევის მიუხედავად შევინარჩუნეთ ჩვენი მდგრადობა და მეტიც დავნერგეთ სიახლე – კერძო კოპირება. რამაც მოგვცა შესაძლებლობა გაგვეზარდა ავტორ-შემსრულებელთა ჰონორარი.
სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია, რადგან ეს სფერო მსოფლიო ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკასა და ევროპული სტანდარტების შესაბამის დონეზე მივიყვანოთ. თუმცა, ავტორთა მხარდაჭერა, მათი სიყვარული და ზრდადი წარმატება ჩვენთვის უდიდესი მოტივაციაა.
გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ სფეროს საგრძნობი გაუმჯობესებისთვის“, – განაცხადა იპოას გამგეობის თავმჯდომარე თამარ გვარიშვილმა.
იპოას ავტორთა საბჭოს თავმჯდომარის, დავით ევგენიძის განცხადებით, გაერთიანების მთავარი იდეა არის ის, რომ ყველა ავტორი ერთ სივრცეში ყოფილიყო და თანდათანობით მოეგვარებინა დარგის ფინანსური და ფუნქციონალური საკითხები.
„გაერთიანების მთავარი იდეა იყო და არის, რომ ყველა ავტორი ერთ სივრცეში ვყოფილიყავით, თანდათანობით მოგვეგვარებინა დარგის ფინანსური და ფუნქციონალური საკითხები და ეს ყველაფერი ჩვენთვის უფრო დაცული და სასარგებლო გაგვეხადა.
როგორც უკვე ცნობილია, IPOA-ს მიერ დაარსებული ფონდი შემოქმედებითი პროცესების მხარდაჭერას ემსახურება, რაც ბევრ ხელოვანს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი იდეები რეალობად აქციოს. ეს დიდი მოტივაცია იქნება როგორც პროფესიონალებისათვის, ისე დამწყები ნიჭიერი ადამიანებისათვის. ამიტომ ბევრი სიახლე გველოდება წინ და მიხარია, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვარ”, – განაცხადა იპოას ავტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ევგენიძემ.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს, საქართველოს კულტურის კომიტეტისა და ავტორთა ჩართულობის შედეგად საავტორო უფლებების სფეროში დაიხვეწა და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიდა კანონი “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ”, 2024 წელს კი საქპატენტმა კანონის შესაბამისად გამოაცხადა აკრედიტაციის კონკურსი, სადაც ქართველი ხელოვანების შექმნილმა ასოციაცია IPOA-მ გაიმარჯვა და მას შემდეგ აღნიშნულ სფეროში ბევრი რეფორმა გატარდა იმისთვის, რომ გაზრდილიყო როგორც ავტორ-შემსრულებელთა ჰონორარები ისე, ბოლომდე დაცული ყოფილიყო მათი უფლებები ყველა სფეროში.