საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად შეშფოთებას გამოთქვამს აზერბაიჯანული დამოუკიდებელი მედიასაშუალების, Abzas Media-ს, დაპატიმრებული ჟურნალისტების მიმართ მზარდი და არასათანადო მოპყრობის გამო.
“2023 წლის ნოემბრის შემდეგ, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააკავა სულ მცირე 25 ჟურნალისტი, რაც, როგორც ჩანს, მათი საგამოძიებო ჟურნალისტური საქმიანობისთვის შურისძიებას უკავშირდება. Abzas Media-სთან დაკავშირებული ჟურნალისტები განსაკუთრებით მკაცრ პირობებში იმყოფებიან პატიმრობაში”, – წერია განცხადებაში.
20 ივნისს ბაქოს სასამართლომ აზერბაიჯანული ონლაინ-გამოცემის, Abzas Media-ს ჟურნალისტები და თანამშრომლები მრავალწლიანი პატიმრობით დასაჯა. გამოცემის დირექტორი ულვი ჰასანლი, მთავარი რედაქტორი სევინჯ ვაგიფგიზი, საგამოძიებო ჟურნალისტი ჰაფიზ ბაბალი და ეკონომისტი ფარიდ მეხრალიზადე 9-9 წლით გაასამართლეს, ნარგიზ აბსალამოვა და ელნარა გასიმოვა — 8-8 წლით, ხოლო მუჰამმედ ქექალოვი — 7 წლით.
2024 წელს აზერბაიჯანში პოლიტიკური პატიმრების რაოდენობამ პიკს მიაღწია — რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 23 წლის განმავლობაში, რაც ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის ხელისუფლება ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფს
