საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელში, თელ-ავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში IMTM 2026 მონაწილეობს. ღონისძიება, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი უმსხვილესია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიის ნაწილია.
საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად. გამოფენაზე 30-ზე მეტი ქართული ტურისტული კომპანია და სასტუმროა წარდგენილი.
გამოფენაში მონაწილე ტურისტული კომპანია „იბერია ტურს პლუსის“ წარმომადგენელი მაიკო მურაჩაშვილი, რომელიც წლებია ისრაელის ბაზარზე მუშაობს, აღნიშნავს, რომ IMTM 2026-ზე საქართველოს მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მაღალია. მისი შეფასებით, გამოფენაზე დამთვალიერებელთა რაოდენობა და აქტიურობა მკაფიოდ აჩვენებს, რომ საქართველო კვლავ რჩება ისრაელელი ტუროპერატორებისა და მოგზაურების ყურადღების ცენტრში. მურაჩაშვილის თქმით, ისრაელი ტრადიციულად სტაბილურ ბაზარს წარმოადგენს, ხოლო არსებული დინამიკა კიდევ უფრო პოზიტიურ მოლოდინს აჩენს მიმდინარე წლისთვის.
„ძალიან დიდი ხანია ისრაელის ბაზარზე ვმუშაობ და უნდა ითქვას, რომ ეს ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი და სტაბილური ბაზარია. ისრაელი საქართველოსთვის ვიზიტორთა ტოპ ხუთეულში ყოველთვის შედის. მაგრამ დღეს გამოფენაზე რაც ხდება, ასეთი რამ არასოდეს მინახავს – ამდენი ვიზიტორი და ამდენი ქართული კომპანია აქ არასოდეს ყოფილა. ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოზე ძალიან დიდი მოთხოვნაა… რაც შეეხება გამოფენას – თვითონ დარბაზიც სავსეა და ჩვენი სტენდის ირგვლივაც ძალიან დიდი აქტივობაა“ – აცხადებს მაიკო მურაჩაშვილი.
საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება აქვთ ქვეყნის კურორტებსა და ღირსშესანიშნაობებს გაეცნონ, ქართული პროდუქტები დააგემოვნონ და ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის ცნობადობისა და პოპულარობის ზრდას.
IMTM 2026-ზე საქართველოს სტენდი ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო და დატვირთულ სივრცედ ითვლება, რაც ქვეყნის ტურისტული პოტენციალის მიმართ მაღალ ინტერესს მოწმობს.
IMTM 2026-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 20 ათასს აჭარბებს, გამოფენაზე 50-ზე მეტი ქვეყნის ტურისტული ორგანიზაცია და კომპანიაა წარდგენილი.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს




