„IMF ხაზს უსვამს, რომ სებ-ის მმართველობასთან დაკავშირებით უარყოფითი მოლოდინები არსებობს“ – ეკონომისტი

IMF-ის შეფასების თანახმად, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გასული წლის განმავლობაში რეზერვების შესყიდვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, წლიურ ჭრილში სავალუტო რეზერვების დონე მაინც შემცირებულია, ხოლო რეზერვების მთლიანი მოცულობა იმაზე დაბალია, ვიდრე უნდა იყოს.
„ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შესყიდვის მნიშვნელოვანი პოლიტიკის მიუხედავად, საქართველოს სავალუტო რეზერვების დონე დაეცა IMF-ის ადეკვატურობის ზღვარს ქვემოთ“, – ნათქვამია IMF-ის მიმოხილვაში.
ეკონომისტი აკაკი ცომაია „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ამ მიმოხილვით IMF რბილად ეხმიანება საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ხაზს უსვამს, რომ სებ-ის მმართველობასთან დაკავშირებით უარყოფითი მოლოდინები არსებობს.
„IMF რბილად ეხმიანება საქართველოში მიმდინარე პროცესს როცა ამბობს, რომ საერთშორისო რეზერვების დონე ჩამოსცდა ადეკვატურობის ზღვარს ანუ სტანდარტულ ნიშნულს და ის ასე ხაზს უსვამს, რომ სებ-ის მმართველობასთან დაკავშირებით უარყოფითი მოლოდინები არსებობს. თუ იქნება ფინანსური სანქციები და როგორც ჩანს ასე იქნება, მის ქვეშ მოჰყვება ბევრი ადამიანი. ეს ნიშნავს რომ ძალიან ბევრ ინვესტორს აღარ მოუნდება აქ ყოფნა და ვისაც აქვს საფინანსო აქტივები ქვეყანაში, მოისურვებს მათ გატანას, რაც ცხადია გავლენას მოახდენს ეროვნული ვალუტის კურსზე. აქ სებ-ს ექნება ორი არჩევანი, ხარჯოს რეზერვების დიდი მოცულობით, რომ შეინარჩუნოს კურსის მერყეობა ან მიუშვას კურსი, რაც საბოლოოდ ფასების დონეზე აისახება.
გარდა ამისა, ფინანსური სანქციები ბევრ პირზე ნიშნავს იმას, რომ ქართული ბანკებიდან მოხდება თანხების გადინება, ეს კი შუამავალი ბანკების მეშვეობით უნდა მოხდეს, რომლებიც არ არიან ბევრნი, მაგრამ არიან მაღალი რეპუტაციის მქონენი და ისინი დაიწყებენ თითოეული ტრანსაქციის დეტალურად შემოწმებას, რათა ამ ტრანსაქციის ქვეშ არ აღმოჩნდეს ისეთი რამ, რაც უკავშირდება სანქცირებულ პირს. ეს გამოიწვევს ტრანსაქციების დაყოვნებას, რაც ბიზნესზე ნეგატიურად აისახება, შესაბამისად ვინ თუ არა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა კარგად უნდა იცოდეს, რას ნიშნავს როდესაც ბიზნესს ლიკვიდობასთან წვდომა უმცირდება, საბოლოოდ რა თქმა უნდა ეს ეკონომიკურ აქტივობაზე უარყოფით გავლენას მოახდენს.
იმ შემთხვევაში თუ მოვლენები ძალიან ცუდი სცენარით განვითარდება, თუკი იქნება სანქციები, ცხადია, რომ აქ ეროვნულმა ბანკმა რაც არ უნდა გააკეთოს, ეს ეკონომიკურ მდგომარეობას ვერ შეცვლის.
ო’ბრაიანის განცხადებამ სანქციებთან მიმართებით სავალუტო ბაზარზე დიდი რყევები უკვე გამოიწვია, წარმოვიდგინოთ, რა შეიძლება მოხდეს, თუ დასავლეთის მხრიდან რეალურად დაწესდება სანქციები“, – ამბობს აკაკი ცომაია.
2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველოს სავალუტო რეზერვების ზომა 4.81 მილიარდ დოლარს შეადგენდა, მარტთან შედარებით აპრილში რეზერვები 37 მილიონით გაიზარდა, თუმცა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რეზერვები 325 მილიონი დოლარით არის შემცირებული. თუ როგორ შეიცვალა მაისში სავალუტო რეზერვების მოცულობა 7 ივნისს გახდება ცნობილი. მიმდინარე თვეში, ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის პირველი სავალუტო აუქციონი განახორციელა და $60 მილიონი დოლარი გაყიდა.