IMF – საქართველოს ეკონომიკამ, შიდა და გეოპოლიტიკური გამოწვევევის მიუხედავად, შთამბეჭდავი მდგრადობა აჩვენა – პოლიტიკურმა გაურკვევლობამ და პოტენციურმა სანქციებმა შესაძლოა შეამციროს ინვესტიციები, ტურიზმსა და ლარზე ზეწოლა მოახდინოს

საქართველოს ეკონომიკამ, გაზრდილი შიდა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის მიუხედავად, შთამბეჭდავი მდგრადობა აჩვენა. 2021 წლიდან წლიური ზრდა საშუალოდ 9 პროცენტს აჭარბებს, ორწლიანი ჩამორჩენის შემდეგ ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს დაუბრუნდა, ხოლო სახელმწიფო ვალი 2024 წელს მშპ-ს 36 პროცენტამდე შემცირდა, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელი საბჭოს ანგარიშშია აღნიშნული.
„პროგნოზის თანახმად, ზრდა 2025 წელს 7.2 პროცენტამდე შემცირდება და საშუალოვადიან პერსპექტივაში 5 პროცენტს მიაღწევს, რადგან შიდა მოთხოვნა შენელდება. მოსალოდნელია, რომ ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს დარჩება და სახელმწიფო ვალი მიმდინარე დონესთან ახლოს დასტაბილურდება გონივრული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდში აცხადებენ, რომ გაზრდილი შიდა და გლობალური გაურკვევლობის ფონზე, პრიორიტეტებია დამატებითი სარეზერვო ბუფერების შექმნა და სტრუქტურული რეფორმების წინსვლა შოკებისადმი მდგრადობის უზრუნველსაყოფად და ძლიერი, ინკლუზიური და სამუშაო ადგილებით მდიდარი ზრდის შესანარჩუნებლად.
ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი საბჭოს შეფასებით, გამოწვევები კვლავ არსებობს მაღალი სტრუქტურული უმუშევრობის, შემოსავლების უთანასწორობის, გარე მიგრაციისა და არაფორმალურობის გამო.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ეკონომიკური აქტივობა, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ძლიერი დარჩება და თანდათანობით პოტენციალთან მიახლოვდება. კერძოდ, რეალური მშპ-ს ზრდა, სავარაუდოდ, 2025 წელს 7.2 პროცენტს მიაღწევს, რაც განპირობებულია მდგრადი შიდა მოთხოვნით და ტურიზმის, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ტრანსპორტის სექტორებში არსებული მდგრადი ზრდით, და საშუალოვადიან პოტენციალთან – 5 პროცენტთან მიახლოებით.
„პროგნოზის თანახმად, ინფლაცია, სავარაუდოდ, 3 პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს დარჩება, ხოლო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ს დაახლოებით 5 პროცენტის ფარგლებში დასტაბილურდება. რეზერვების თანდათანობით გაუმჯობესება, სავარაუდოდ, ოპორტუნისტული უცხოური ვალუტის შესყიდვებით და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) აღდგენით იქნება მხარდაჭერილი. 2024 წელს საგარეო პოზიცია, ძირითადად, ფუნდამენტური მაჩვენებლებითა და სასურველი პოლიტიკით გათვალისწინებულ დონეს შეესაბამებოდა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი საბჭოს შეფასებით, მაღალი გლობალური გაურკვევლობისა და პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, პერსპექტივასთან დაკავშირებული რისკები ზოგადად დაბალანსებულია.
ში ომის დასრულებამ, შესაძლოა, მიგრაციიდან და სატრანზიტო ვაჭრობიდან მიღებული გარკვეული მოგება გააუქმოს, თუმცა რეგიონული სტაბილურობისა და რეკონსტრუქციის ზრდამ შესაძლოა ამ ეფექტების კომპენსირება მოახდინოს. გლობალური სავაჭრო დაძაბულობის პირდაპირი ზემოქმედება შეზღუდულია, -ში საქართველოს ექსპორტის დაბალი წილის და ძირითადი პროდუქტების გამონაკლისების გათვალისწინებით. თუმცა, ინვესტორთა განწყობის შესუსტებამ, სავაჭრო პარტნიორების ზრდის შენელებამ ან მიწოდების ჯაჭვის შეფერხებებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ექსპორტზე და გაზარდოს იმპორტის ხარჯები. საქართველომ, შესაძლოა, ისარგებლოს ნავთობის დაბალი ფასებით და ვაჭრობის გადამისამართების ზრდით. ქვეყნის შიგნით, გაძლიერებულმა პოლიტიკურმა გაურკვევლობამ და პოტენციურმა სანქციებმა, შესაძლოა, შეამციროს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ტურიზმმა და ლარზე ზეწოლა მოახდინოს. საქართველოს ფისკალური და ფინანსური ბუფერები ხელს შეუწყობს უარყოფითი შოკების შერბილებას“, – აღნიშნულია ანგარიშში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი საბჭოს შეფასებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა შეინარჩუნოს ფართოდ ნეიტრალური პოლიტიკური პოზიცია, ამავდროულად დარჩეს მოქნილი და მონაცემებზე დაფუძნებული.
დოკუმენტის თანახმად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ 2025 წლის 21 ივლისს საქართველოსთვის IV მუხლის კონსულტაცია დაასრულა და საქართველოს ხელისუფლება ამ კონსულტაციისთვის მომზადებული საშტატო ანგარიშის გამოქვეყნებას დასთანხმდა.