IMF-ი ეროვნულ ბანკს მთავრობის მიმართ დისკრეციული ფინანსური ტრანსფერების შეზღუდვისკენ მოუწოდებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიიჩნევს, რომ ეროვნულ ბანკს მთავრობასთან დისკრეციული ფინანსური ტრანსფერების განხორციელების შესაძლებლობა უნდა შეეზღუდოს. ამის შესახებ IMF-ის მიერ გამოქვეყნებულ შემაჯამებელ მიმოხილვაში არის საუბარი. IMF-მა საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკთან კონსულტაციები ფონდის მეოთხე თავით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით გამართა და შესაბამისი შემაჯამებელი დოკუმენტი გამოაქვეყნა. დოკუმენტში თითქმის იგივე საკითხებია აღნიშნული, რაც IMF-ის მისიის ვიზიტის შემაჯამებელ პრესრელიზში ჯერ კიდევ 4 ივნისს იყო მიმოხილული, ასევე უცვლელად არის შენარჩუნებული ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, რაც ფონდის მიერ წელს საქართველოსთვის 7.2%-ზეა ნავარაუდევი.
ეროვნული ბანკის მმართველობის დამოუკიდებლობის განმტკიცების საკითხი ფონდისთვის კვლავ ერთ-ერთ კრიტიკულ საკითხად რჩება. აღნიშნულია, რომ ეროვნულ ბანკს მთავრობისთვის დისკრეციული ფინანსური ტრანსფერების მიწოდება შეზღუდული უნდა ჰქონდეს. ნათქვამია, რომ IMF მხარს უჭერს გადაწყვეტილების მიღების საპრეზიდენტო მოდელიდან კოლეგიალურ მოდელზე გადასვლას, როდესაც საკითხებზე გადაწყვეტილებებს ეროვნული ბანკის საბჭო იღებს.
“ეროვნული ბანკის მმართველობისა და დამოუკიდებლობის გაუმჯობესება კვლავ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება. გარკვეული პროგრესი უკვე მიღწეულია, შეივსო საბჭოს ვაკანტური პოზიციები და დაინიშნა სებ-ის პრეზიდენტი. თუმცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მმართველობისა და ფინანსური დამოუკიდებლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად, ჯერ კიდევ არაა მიღებული. რეფორმებმა უნდა უზრუნველყოს სებ-ის საბჭოში არააღმასრულებელი წევრების უმრავლესობა, შეზღუდოს მთავრობისთვის დისკრეციული ფინანსური ტრანსფერების განხორციელების შესაძლებლობა, ასევე საკანონმდებლო ცვლილებებმა უნდა დააზუსტოს სებ-ის პრეზიდენტის შემცვლელის (მოვალეობის შემსრულებლის) დანიშვნის წესი და გააუმჯობესოს საბჭოს წევრების კვალიფიკაციის მოთხოვნები. ასევე, სებ-ის საბჭოს მხრიდან მმართველობის კოლეგიური გადაწყვეტილებების მიღების მოდელის დანერგვა კიდევ უფრო გააუმჯობესებს სებ-ის მმართველობის ხარისხს”, – ნათქვამია IMF-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.