IMF-ის პროგრამის შეჩერებამ შესაძლოა უცხოელი ინვესტორები დააპაუზოს – ენდრიუ ჯუველი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ენდრიუ ჯუველი გადაცემა “ანალიტიკასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განმარტავს იმ მიზეზებს, რის გამოც ფონდმა $280-მილიონიანი პროგრამის მიმოხილვა შეაჩერა. ამასთან, ჯუველი განმარტავს, რომ პროგრამა შეწყვეტილი არაა და ის შეჩერებულია.
ამასთან ჯუველი აღნიშნავს, რომ პროგრამის შეჩერება შესაძლოა საქართველოში უცხოელი ინვესტორების განწყობაზეც აისახოს.
“როგორც უკვე აღვნიშნე, ხელისუფლება პროგრამას უყურებს როგორც სათადარიგო გეგმას. მათთვის პრიორიტეტული დღეს სესხის აღება არ არის. მათ პროგრამა უნდათ დისციპლინისთვის, ჩარჩოსთვის, როგორც სიგნალი ინვესტორებისთვის, რომ სანდო, ჯანსაღ პოლიტიკას ატარებენ. სინამდვილეში ეს სიგნალია. მათ შეუძლიათ, მაგალითად, საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო კომპანიებს უთხრან – ნახეთ, ჩვენ გვაქვს IMF-ის პროგრამა, ინვესტორებს შეგიძლიათ თამამად უთხრათ, რომ ჩვენი კანონები, პოლიტიკა სანდო და განჭვრეტადია. ის ფაქტი, რომ პროგრამა არ მიმდინარეობს გეგმის მიხედვით, მიმოხილვები არ სრულდება – ამან შეიძლება ინვესტორები დააპაუზონ. მათ თქვან, რომ არ ვართ ბოლომდე დარწმუნებულები, რამდენად სანდოა საქართველოს ბიზნესგარემო, რადგან პროგრამა არ სრულდება, მიმოხილვები გადადებულია. ეს არის პროგრამის არქონის მთავარი რისკი. კიდევ ერთხელ: საქართველო ფისკალურად კარგ მდგომარეობაშია. აგროვებს შემოსავლებს, დეფიციტი შემცირებულია – ამ ეტაპზე, რეალურად არ სჭირდება ჩვენგან დაფინანსება. პროგრამა დღეს უფრო გზავნილის დატვირთვა აქვს, რომელსაც იღებენ ინვესტორები,”- განაცხადა ენდრიუ ჯუველმა.
როგორც IMF-ის მუდმივი წარმომადგენელი აღნიშნავს, IMF-ის პროგრამის შეჩერება განაპირობა ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამ და სებ-ში პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შემოღებამ. პროგრამის მეორე მიმოხილვის შეჩერების შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სანქციების აღსრულების საგამონაკლისო წესიც მიიღო, რაც ჯუველის განცხადებით, საქართველოს ფინანსური სისტემის შესახებ გაურკვევლობას ზრდიდა.