საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში საქართველოში 123 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 17.1 პროცენტი მდებარეობს კახეთის რეგიონში, 17.1 პროცენტი ქვემო ქართლის რეგიონში, 14.6 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 13.0 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 12.2 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ხოლო 26.0 პროცენტი – სხვა რეგიონებშია განთავსებული.
გარდა ამისა, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2023 წლის III კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 120.3 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 36.7 პროცენტი – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 52.8 პროცენტი – ღორი, ხოლო 9.3 პროცენტი ცხვარი და თხა იყო.
დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 1.1 პროცენტს შეადგენს. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 014.7 ათასი ერთეულით განისაზღვრა. სასაკლაოების მიერ 2023 წლის III კვარტალში 14.9 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 32.8 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 37.8 პროცენტი – ფრინველის ხორცზე, 28.0 პროცენტი – ღორის ხორცზე, 1.4 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.
საქსტატის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 10.3 ათას პირს, საიდანაც 45.1 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 091 კაცი შეადგინა.
ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 34.1 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 13.8 ლარი, ხოლო ღორის დაკვლის საფასური – 29.0 ლარი.