II კვარტალში, I კვარტალთან შედარებით, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის შეფასება გაუარესდა მრეწველობის და მშენებლობის სექტორებში, ხოლო ვაჭრობის და მომსახურების სექტორებში გაუმჯობესდა – BAG ინდექსი

II კვარტალში, I კვარტალთან შედარებით, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის შეფასება გაუარესდა მრეწველობის და მშენებლობის სექტორებში, ხოლო ვაჭრობის და მომსახურების სექტორებში გაუმჯობესდა – BAG ინდექსი
2025 წლის II კვარტალში I კვარტალთან შედარებით, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი ვაჭრობის სექტორის გარდა, ყველგან გაუარესდა (მომსახურების, მშენებლობის და მრეწველობის სექტორები), ამის შესახებ ნათქვამია BAG ინდექსში.
რაც შეეხება 2024 წლის II კვარტალთან შედარებას, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი გაუარესდა მრეწველობის (14.4 ქულით) და მშენებლობის სექტორში (2.2 ქულით). ხოლო, გაუმჯობესდა ვაჭრობის (26.3 ქულით) და მომსახურების სექტორში (0.6 ქულით).
2025 წლის II კვარტალში, 2025 წლის I კვარტალთან შედარებით, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის შეფასება გაუარესდა მრეწველობის სექტორში 17.6 ქულით და მშენებლობის სექტორში – 6.8 ქულით. ხოლო, მაჩვენებელი გაუმჯობესდა ვაჭრობის სექტორში – 18.5 ქულით და მომსახურების სექტორში – 5.1 ქულით.
რაც შეეხება ბიზნესის მომდევნო ექვსი თვის მოლოდინს, მოლოდინების შეფასება გაუარესდა მრეწველობის სექტორში 10.8 ქულით, მომსახურების სექტორში – 9.8 ქულით და ვაჭრობის სექტორში – 1.8 ქულით, ხოლო გაუმჯობესდა მშენებლობის სექტორში 3.0 ქულით.
„BAG ინდექსის მიხედვით, 2025 წლის II კვარტალში ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის ყველაზე მაღალი შეფასება ვაჭრობის სექტორში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი – მრეწველობის სექტორში, სადაც აღნიშნული მაჩვენებელი უარყოფითია. ამას გარდა, ყველაზე პოზიტიური ბიზნესის მოლოდინი ვაჭრობის სექტორში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე ნაკლებად პოზიტიური – მშენებლობის სექტორში“, – წერია BAG ინდექსის მიმოხილვაში.
ცნობისთვის, BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი გამოითვლება BAG-ის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების გამოკითხვის საფუძველზე, რა დროსაც კომპანიები აფასებენ თავიანთ მიმდინარე მდგომარეობას და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინს.