II კვარტალში სამაცივრე მეურნეობების გაყიდვები გაიზარდა, შემოსავალი კი კვლავ ₾7.8 მილიონია

2025 წლის II კვარტალში საქართველოში სამაცივრე მეურნეობების რაოდენობა 16-ით გაიზარდა და ქვეყანაში 234 სამაცივრე ფუნქციონირებდა.
საქსტატის მონაცემებით, მათი უმეტესობა – 43.6% შიდა ქართლის რეგიონშია განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია ქ. თბილისში (15.8%), კახეთის რეგიონში (12.8%), სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (7.7%), იმერეთის რეგიონში (5.1%), ქვემო ქართლის რეგიონში (4.7%), აჭარის ა.რ.-ში (4.3%), გურიის რეგიონში (2.1%), სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (1.7%), მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (1.7%) და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (0.4%).
აღნიშნულ პერიოდში სამაცივრე მეურნეობების მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა 7.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2024 წლის II კვარტალის ანალოგიურია. ამასთან, სამაცივრე მეურნეობებიდან 189.5 მლნ. ლარის ღირებულების (24.7 ათასი ტონა) პროდუქცია გაიყიდა [2024 წლის II კვარტალში ₾134.4 მლნ]. გაყიდული პროდუქციიდან ღირებულებით გამოსახულებაში, იმპორტირებულ პროდუქტზე 44.2% მოდიოდა, საკუთარი წარმოების პროდუქტზე კი 13.6%, ხოლო გაყიდვის მიზნით შესყიდულმა (ადგილობრივი) პროდუქციამ – 42.2% შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში, სამაცივრეების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის მთლიანი მოცულობის 43.7% მოდიოდა ქათმის ხორცზე. ამავე პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდული იმპორტირებული პროდუქციის მთლიან ღირებულებაში მნიშვნელოვანი წილი პირუტყვის ხორცსა და ხორცპროდუქტებზე (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (31.5%), რძის პროდუქტებზე (28.3%), ქათმის ხორცზე (გაყინულის ჩათვლით) (13.4%) და თევზეულზე (12.1%) მოდის.
2025 წლის II კვარტალში სამაცივრე მეურნეობებიდან უცხო ქვეყნებში 7.4 მლნ. ლარის ღირებულების პროდუქტი გაიყიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის გაყიდვებს 600 000 ლარით აღემატება. ეს პერიოდში გაყიდული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 3.9%-ს შეადგენს. საზღვარგარეთ ძირითადად რეალიზებულია ქათმის ხორცი, ხილი და ბოსტნეული. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) აპრილში შეადგენდა 44%-ს, მაისში – 44.8%-ს, ხოლო ივნისში – 58.1%-ს.
II კვარტალში სამაცივრეებმა მომსახურება 399 მომხმარებელს გაუწიეს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით 735 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1 508 კაცით განისაზღვრა.
ამ პერიოდში სამაცივრეებში შენახული (განთავსებული) იყო 90.7 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 41.6% – ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 20.7% – ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით, ქათმის ხორცის გარდა), 14.8% – თევზეული, 11.8% – ხილი და ბოსტნეული, 6.2% – რძის პროდუქტები და 4.9% – სხვა პროდუქტები
სამაცივრე მეურნეობებში შენახული პროდუქციის მთლიანი მოცულობიდან 14%-ს – საკუთარი წარმოების, 25.6%-ს – შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული, ხოლო 60.4%-ს მომსახურების სახით შენახული პროდუქცია შეადგენდა.