IFCN რუსულ კანონზე: მიმართულია ფაქტების გადამმოწმებელი ჯგუფების წინააღმდეგ

ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციები მთელი მსოფლიოდან, სარაევოში გამართული GlobalFact-ის მე-11 კონფერენციის ფარგლებში, ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებენ, სადაც ფაქტების გადამმოწმებლების მიმართ მტრული დამოკიდებულების ერთ-ერთ მაგალითად საქართველოში რუსული კანონის მიღების პარალელურად განვითარებული მოვლენები მოჰყავთ.
განცხადებაში ამბობენ, რომ ფაქტების გადამოწმება აძლიერებს საჯარო დისკუსიებს და ის არასდროს არ უნდა იქნეს ცენზურის ფორმად მიჩნეული, ასევე გამოთქვამენ შეშფოთებას მთელ მსოფლიოში ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციებსა და ფაქტების გადამოწმების სპეციალისტებზე გახშირებული თავდასხმების თაობაზე.
“ბოლო წლებში ფაქტების გადამმოწმებლები მათდამი სულ უფრო მტრულ დამოკიდებულებას განიცდიან, მათ შორის ონლაინ მუქარებს, სამართლებრივ პრობლემებს და მიზანმიმართულ დევნას. ასეთთა შორის აღსანიშნავია შემდეგი შემთხვევები:
ცოტა ხნის წინ, საქართველოში, პარლამენტმა მოსთხოვა სამოქალაქო საზოგადოების და მედიის ორგანიზაციებს, დარეგისტრირდნენ “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად”, რაც, ფაქტობრივად, “უცხოეთის აგენტის” სინონიმია.
ასეთი კანონმდებლობა მიმართულია დიდი გამოცდილების მქონე ფაქტების გადამმოწმებელი ჯგუფების, მათ შორის “მითების დეტექტორის” და “ფაქტ-მეტრი საქართველოს” წინააღმდეგ. ამ კანონმდებლობის მიღების შემდეგ “მითების დეტექტორის” ოფისი ვანდალიზმის, ხოლო ორივე ჯგუფი მუქარების ობიექტი გახდა”. – წერია განცხადებაში.
განცხადებას, ფაქტების გადამოწმების 130-მა ორგანიზაციამ დაუჭირა მხარი 80 ქვეყნიდან. ყველა ეს ორგანიზაცია IFCN-ის პრინციპების კოდექსის ხელმომწერია, რომელიც განსაზღვრავს სიზუსტის, მიუკერძოებლობის და გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტებს ფაქტების გადამოწმების ჟურნალისტიკაში.
განცხადების სრული ტექსტი და ხელმომწერი ორგანიზაციების სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ფაქტების გადამოწმების სპეციალისტთა ყოველწლიურ მსოფლიო შეკრებაზე – GlobalFact-ის მე-11 შეხვედრაზე, რომელიც 2024 წელს ბოსნია და ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში გაიმართა, მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს ურყევი ერთგულება ინფორმაციის წვდომისა და გამოხატვის თავისუფლებისადმი ყველა ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში.
“ფაქტების გადამოწმება თავისუფალი მედიის და ხარისხიანი ჟურნალისტიკის ნაწილია და მას წვლილი შეაქვს საზოგადოებრივი ინფორმაციის და ცოდნის განვითარების საქმეში…
საზოგადოებას სჭირდება ზუსტი ინფორმაცია, რათა მიიღოს გადაწყვეტილებები თავისი ხელისუფლების, ეკონომიკის, ჯანდაცვის და ცხოვრების ყველა ასპექტის შესახებ. ფაქტების გადამოწმება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია საზოგადოებისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდებისა და ინფორმაციის ეკოსისტემის გაუმჯობესების საქმეში”. – წერს World’s fact-checkers.