IFC „ჯორჯია გლობალ იუთილითის“ მწვანე ობლიგაციებში $40 მლნ-ის ინვესტიციას ახორციელებს

IFC „ჯორჯია გლობალ იუთილითის“ მწვანე ობლიგაციებში $40 მლნ-ის ინვესტიციას ახორციელებს და საერთო ჯამში $300 მლნ-ის მოცულობის ემისიის ნაწილია, რომლის მიზანია წყალმომარაგების მოძველებული ინფრასტრუქტურის და აღჭურვილობის განახლება და ქვეყანაში წყალმომარაგების ქსელის გაფართოება. ეს ქართული კერძო კომპანიის მიერ ყველაზე მასშტაბურ ემისიას წარმოადგენს. პროექტი ხელს შეუწყობს 1.3 მლნ ადამიანისთვის წყალმომარაგების გაუმჯობესებას, რაც საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 35% შეადგენს.
ობლიგაციების ემისიიდან მიღებული შემოსავალი გამოყენებული იქნება GGU-ს არსებული სესხების რეფინანსირებისთვის კაპიტალის მდგრადი სტრუქტურის უზრუნველსაყოფად და კომპანიის მწვანე კაპიტალური ხარჯების პროგრამის დასაფინანსებლად, რომლის მიზანია წყლის დანაკარგების შემცირება, ენერგოეფექტურობის ამაღლება და 2028 წლისთვის წყალმომარაგების ქსელთან დაახლოებით 40,000 ახალი მომხმარებლის მიერთება.
ობლიგაციები წარმოდგენილი იქნება ევრონექსტის დუბლინის საფონდო ბირჟის ლისტინგში. ობლიგაციების ემისიაში ასევე მონაწილეობენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და გერმანიის განვითარების საფინანსო ინსტიტუტი (DEG).
Aqualia-ს ფინანსურმა დირექტორმა ისიდორო მარბანმა ხაზი გაუსვა, რომ ობლიგაციების ემისია „სხვა შედეგებთან ერთად გააუმჯობესებს საქართველოს მოქალაქეების წვდომას უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებასთან და ხელს შეუწყობს ქვეყნის ადაპტაციას კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზემოქმედების მიმართ. IFC-სთან თანამშრომლობა ასევე მნიშვნელოვანი იქნება IFC-სა და Aqualia-ს შორის სხვა რეგიონებში სამომავლო თანამშრომლობის თვალსაზრისითაც.
კერძო სექტორის გასაძლიერებლად IFC-მ საქართველოსთვის 1995 წლიდან გრძელვადიანი დაფინანსების სახით დაახლოებით $2 მლრდ გამოყო. ამ თანხიდან დაახლოებით $1 მლრდ პარტნიორებისგან იქნა მოზიდული 62 პროექტისთვის საფინანსო, აგრობიზნესის, წარმოების და ინფრასტრუქტურის სექტორებში. გარდა ამისა, IFC-მ 394 მილიონ დოლარამდე ღირებულების სავაჭრო ტრანზაქციებს შეუწყო ხელი ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში და განახორციელა საკონსულტაციო პროექტები, რომლებიც კერძო სექტორის განვითარებას ისახავს მიზნად.