ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ჰამასი ვერ ახერხებს ყველაზე მცირეწლოვანი გატაცებულის ისრაელისთვის გადაცემას, რადგან ბავშვი ჰამასმა სხვა პალესტინურ ტერორისტულ ორგანიზაციას გადასცა. 10 თვის კფირ ბიბასი მშობლებთან და 4 წლის ძმასთან ერთად ამჟამად გაურკვეველი ტერორისტული ორგანიზაციის ტყვეობაშია.
გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტული ორგანიზაცია, რომელსაც 10 თვის კფირ ბიბასი ოჯახთან ერთად ჰყავს დატყვევებული, ღაზის სექტორის სამხრეთში, ქალაქ ხან იუნისში ოპერირებს. ქალაქი ხან იუნისი ომის გაგრძელების შემდგომ ისრაელის თავდასხმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე უნდა ყოფილიყო, 10 თვის კფირ ბიბასის და მისი ოჯახის სავარაუდოდ იქ ყოფნა კი თავდასხმის დაგეგმვას ართულებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, ადმირალმა დანიელ ჰაგარიმ თქვა, რომ ტყვეებზე პასუხისმგებლობა ისევ ჰამასს რჩება, იმის მიუხედავად, თუ რომელ ტერორისტულ ორგანიზაციას გადასცეს ისინი.
24 ნოემბერს ჰამასსა და ისრაელს შორის დროებითი ჰუმანიტარული პაუზა ამოქმედდა და ყოველდღიურად ჰამასი დაახლოებით 10 ტყვეს ათავისუფლებს. თავდაპირველად, მხარეები ოთხი დღით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა 27 ნოემბერს მხარეებმა პაუზა დამატებით სხვა მძევლების გათავისუფლებისთვის კიდევ ორი დღით გაახანგძლივეს.