ისრაელის თავდაცვის ძალების მიხედვით, ჰამასის ტერორისტულმა ორგანიზაციამ დღეს, 26 ნოემბერს, დამატებით 17 მძევალი გაათავისუფლა. მათ შორის 14 ისრაელელი, ხოლო 3 უცხოეთის მოქალაქეა. IDF-ი ინფორმაციას წითელ ჯვარზე დაყრდნობით X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) ავრცელებს. ეს ჰამასის მიერ გათავისუფლებული მძევლების მესამე ჯგუფია.
მანამდე, დღეს დილით ჰამასმა ღაზის სექტორიდან მძევლების მეორე ჯგუფი გაათავისუფლა. სანაცვლოდ ისრაელმა 39 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა, რომელთა შორის ქალები და ბავშვები არიან.
ღაზაში ჰუმანიტარული ზავი 24 ნოემბერს დაიწყო. ჰამასსა და ისრაელს შორის დროებითი შეთანხმებით, 4 დღის განმავლობაში ჰამასი 50 მძევალს (მათ შორის 30 ბავშვსა და 20 ქალს) გაათავისუფლებს. თავის მხრივ, ისრაელი ციხიდან 150 პალესტინელს გამოუშვებს, რომელთა დიდი ნაწილი თინეიჯერია, ნაწილი კი ქალი.