ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ გასულ ღამეს ღაზაში 400-ზე მეტი სამხედრო ობიექტი გაანადგურეს. მათ შორის, 50-ზე მეტი ხან იუნისის რაიონში. ღაზაში საბრძოლო მოქმედებები 1-ელ დეკემბერს განახლდა.
IDF-ის თქმით, ისრაელის არმიამ თავდასხმები “ჰამასის” ინფრასტრუქტურასა და სამხედრო აღჭურვილობაზე განახორციელა. IDF აღნიშნავს, რომ დარტყმა განხორციელდა იმ მეჩეთზეც, რომელსაც პალესტინის “ისლამური ჯიჰადი” ოპერაციულ შტაბად იყენებდა.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. მასზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
თავდასხმის შედეგად ისრაელში 1 200-მდე ადამიანი დაიღუპა, 240-მდე პირი კი “ჰამასმა” მძევლად აიყვანა. ტერორისტული დაჯგუფების მიერ კონტროლირებადი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების მიხედვით კი, ღაზაში 14 800-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. მათ შორის, დაახლოებით 6 000 ბავშვი.