ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, 17 ნოემბრის ღამეს დასავლეთ სანაპიროს რეიდისას 5 ტერორისტი მოკლეს. რეიდი ჯენინის ლტოლვილთა ბანაკში განხორციელდა.
“სამხედრო თვითმფრინავმა გაანადგურა შეიარაღებული ტერორისტული უჯრედი, რომელმაც ისრაელის თავდაცვის ძალებს ცეცხლი გაუხსნა. ჯამში, მოკლულია მინიმუმ ხუთი ტერორისტი” – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
ჰამასის ინფორმაციით დასავლეთ სანაპიროზე რეიდისას მოკვდა ტერორისტული ორგანიზაციის სამი წევრი. ასევე, პალესტინური სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ცნობით, ჯენინში სამი პალესტინელი მოკვდა.
ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
ტერორისტებმა აიყვანეს 200-მდე მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმაიმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა. 7 ოქტომბრის მოვლენებს 1 400-მდე ისრაელელი ემსხვერპლა. დახოცილთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.
აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.
ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.
22 ოქტომბერს ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. პროცესს ისრაელი აკონტროლებს, რათა მხოლოდ საკვები და სამედიცინო პროდუქტები შეიტანონ. აკრძალულია საწვავის შეტანა.
28 ოქტომბერს ისრაელმა, მას შემდეგ, რაც საჰაერო იერიშების რიცხვი გაზარდა და სახმელეთო ოპერაციის არეალი გააფართოვა, ომის მეორე ფაზა დაიწყო.