ICR ჯგუფის მოგება 15.9 მლნ ლარამდე გაიზარდა – რომელი ბიზნესიდან მიიღო კომპანიამ ყველაზე დიდი შემოსავალი

ICR ჯგუფის ჯამური შემოსავალი 2022 წელს 19 მილიონი ლარით გაიზარდა და 116.3 მილიონ ლარს მიაღწია. ჯგუფის წმინდა მოგება კი 2022 წელს 15.9 მილიონი ლარი იყო, რაც 2021 წლის მოგებაზე 1.9 მილიონით მეტია.
ჯგუფის საქმიანობის უმსხვილესი სეგმენტია ტანსაცმლისა და ფეხსაცმელების ვაჭრობა, რასაც “აი სი არ ტრეიდი” ახორციელებს. მმართველობითი ანგარიშის მიხედვით, ICR ტრეიდი ფლობს გაყიდვების როგორც ონლაინ არხს, ასევე 53 მაღაზიას ქვეყნის მასშტაბით.
ტანსაცმლისა და აქსესუარების გარდა, ჯგუფის შემადგენლობაში შედის ავეჯის რეალიზაციით დაკავებული ბიზნესი, ასევე რესტორნები “ტაბლა” და „პომოდორისიმო“.
ანგარიშის თანახმად, სეგმენტების მიხედვით კომპანიის შემოსავლები ასე ნაწილდება:
· ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები – 80.5 მილიონი ლარი;
· ავეჯის და სახლის აქსესუარები – 28.1 მილიონი ლარი;
· კვების ობიექტები – 5.3 მილიონი ლარი;
· საინვესტიციო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი – 2 მილიონი ლარი.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, გასულ წელს კომპანიის მიერ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება 61 მილიონი ლარი იყო. ჯგუფმა გასულ წელს 14.9 მილიონი ლარის ხელფასები გასცა.
მთლიანობაში სხვადასხვა კატეგორიის კომერციულმა ხარჯებმა 31.4 მილიონი ლარი შეადგინა.
ICR ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს. „აი სი არ ჯგუფში“ შემავალი კომპანია „აი სი არ ტრეიდი“ წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: „ბატა“, „ჯეოქსი“, „კორსო იტალია“, „სტუდიო ფეხსაცმლის გალერია“, „ოკაიდი“ და ა.შ.