გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (ICJ) 2017 წელს უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მთლიანობაში, სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა სარჩელში მოხსენიებული ხელშეკრულებების ორი მუხლი დაარღვია, ხოლო დანარჩენი მოთხოვნები არ დაუკმაყოფილებია.
უკრაინული მხარე რუსეთს ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ საერთაშორისო კონვენციისა (ICSFT) და რასობრივი დისკრიმინაციის ყველანაირი ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციის (CERD) დარღვევაში ადანაშაულებდა.
მოსარჩლე მხარე აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო რუსეთის მხრიდან კონფლიქტში დაზარალებული ყველა მშვიდობიანი მცხოვრებისა და მალაიზიური ავიახაზების MH17 თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად დაღუპულთა კომპენსაციას ითხოვდა.
ამასთან, უკრაინა რუსეთს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ ეთნიკურად თათრებისა და უკრაინელების რასობრივ დისკრიმინაციაში სდებდა ბრალს და ადანაშაულებდა იმაში, რომ უკრაინული ენის სწავლებას არ უზრუნველყოფდა.
ICJ-მ დაადგინა, რომ რუსეთმა ICSFT-ს გარკვეული ნაწილი დაარღვია, რადგან აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტი ჯგუფების დაფინანსების საკითხზე გამოძიება არ დაუწყია. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა გაეროს ანტი-დისკრიმინაციული ნორმები დაარღვია იმით, რომ ყირიმში უკრაინული ენის სწავლება ვერ უზრუნველყო.
თუმცა, ICJ-მ მოსარჩლის მოთხოვნათა უმეტესობა უარყო. უკრაინული ენის სწავლებასთან დაკავშირებით ანტი-დისკრიმინაციული ნორმების დარღვევის დადგენის მიუხედავად, სასამართლომ ამ ფაქტის საფუძველზე კომპენსაციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ICJ-მ ასევე უარყო რუსეთის მიერ ეთნიკურად თათრებისა და უკრაინელების დისკრიმინაციის ბრალდება.
გარდა ამისა, სასამართლომ რუსეთის მიერ ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერის გამო კომპენსაციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მხოლოდ დაადგინა, რომ რუსეთი “არ დგამს ნაბიჯებს იმ ადამიანთა შესახებ ფაქტების გამოსაკვლევად, რომლებსაც დანაშაულის ჩადენა ედებათ ბრალად”.
ICJ-ს გადაწყვეტილების მიხედვით, ICSFT-ს ფარგლებში ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერად მხოლოდ ფულადი გადარიცხვები შეიძლება ჩაითვალოს და ეს “არ მოიცავს ტერაქტების მოწყობის საშუალებებს, მათ შორის იარაღებსა და საწვრთნელ ბანაკებს”.
აღნიშნულ სასამართლო საქმეში უკრაინის მთავარი ადვოკატის, ანტონ კორინევიჩის, თქმით, ვერდიქტი მნიშვნელოვნად შეიძლება ჩაითვალოს.
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციამ საერთაშორისო სამართალი დაარღვია. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთი საერთაშორისო სამართლის დამრღვევად გამოცხადდა”. – თქვა კორინევიჩმა.
ICJ-ში უკრაინამ აღნიშნული სარჩელი 2017 წელს შეიტანა, რუსეთ-უკრაინის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე. მოსარჩლე მხარე რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების დაფინანსებასა და მხარდაჭერაში ადანაშაულებს, რომლებმაც 2014 წელს მალაიზიური ავიახაზების MH17 თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რის შედეგადაც 298 ადამიანი დაიღუპა.