22 იანვარს, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ და ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა სამშენებლო საგანმანათლებლო პროგრამების მესამე ნაკადის კურსდამთავრებულთა სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი გამართა – ინფორმაციას „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“ ავრცელებს.
„აღნიშნული პროგრამები შემუშავდა და განხორციელდა USAID-ის პროგრამის “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” მხარდაჭერით. მისი შექმნის პროცესში, ასოციაციას და უნივერსიტეტს პარტნიორობა გაუწია ესპანური ბიზნესორგანიზაციების კონფედერაციამ (CEOE) და სწორედ მათთან კონსულტაციებით შეიქმნა მშენებლობის მენეჯმენტისა და გარემოსდაცვითი სისტემების მენეჯმენტის პროგრამები.
სამი სასწავლო კურსი მშენებლობის მენეჯმენტი, სამუშაოთა წარმოება და გარემოსდაცვითი სისტემების მენეჯმენტი, სამშენებლო ინდუსტრიაში ყველაზე მეტად მოთხოვნადი პროფესიების მოკვლევის შედეგად შეირჩა და შემუშავდა.
აღნიშნული პროგრამების ფარგლებში, თითოეულ მიმართულებაზე სამი ნაკადის მიღება უზრუნველყო პროექტმა და არაერთ წარმატებულ პროფესიონალს მნიშვნელოვნად აუმაღლა ცოდნა.
ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იყო პროექტის მიმდინარეობისას განხორციელებული აქტივობების შეჯამება და შედეგები.
წარმატებული თანამშრომლობის ამ შედეგის საფუძველზე, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი სამომავლოდ, გეგმავს კვლავ გამოაცხადოს აღნიშნულ პროგრამებზე მიღება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.