ირანს შეუძლია რამდენიმე თვეში გააგრძელოს გამდიდრებული ურანის წარმოება, მიუხედავად იმისა, რომ მის ბირთვულ ობიექტებს სერიოზული ზიანი მიაყენა აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებულმა ბოლო საჰაერო დარტყმებმა, – განაცხადა გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს დირექტორმა რაფაელ გროსიმ.
„მათ აქვთ შესაბამისი შესაძლებლობები. შეუძლიათ, თვეების განმავლობაში, ან შესაძლოა უფრო მალე, დაამონტაჟონ ცენტრიფუგების რამდენიმე წყება და დაიწყონ გამდიდრებული ურანის წარმოება“, – განაცხადა გროსიმ CBS News-თან ინტერვიუში, რომლის ეთერში გასვლაც 29 ივნისს არის დაგეგმილი.
გროსიმ, რომელიც ვენაში მდებარე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელობს, დაადასტურა, რომ ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში განხორციელებულმა იერიშებმა შეამცირა ირანის შესაძლებლობა ურანის გარდაქმნისა და გამდიდრების მიმართულებით. თუმცა მან ხაზგასმით აღნიშნა: „სწორად რომ ვთქვათ, ვერავინ იტყვის, რომ ყველაფერი გაქრა და აღარაფერია.“
„ირანი ძალიან განვითარებული ქვეყანაა ბირთვული ტექნოლოგიის თვალსაზრისით“, – აღნიშნა გროსიმ. – „ამ ცოდნის წაშლა შეუძლებელია. არ შეგიძლიათ უარყოთ უკვე არსებული შესაძლებლობები და გამოცდილება.“
ისრაელმა 13 ივნისს დაიწყო იერიშები, რომლებიც მიზნად ისახავდა ირანის ბირთვული და სამხედრო ობიექტების განადგურებას. ოფიციალური თელ-ავივის განცხადებით, ამით უნდოდათ ხელი შეეშალათ თეირანისთვის ბირთვული იარაღის განვითარებაში. ირანი ამტკიცებს, რომ მისი პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.
ახალი თანამგზავრული ფოტოები: ირანის ბირთვულ ობიექტებისთვის მიყენებული ზიანი და გაწმენდითი სამუშაოები
Maxar-ის ახალი თანამგზავრული ფოტოები ასახავს ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად მიყენებული ზიანის მასშტაბებს. ზოგიერთ ფოტოზე ჩანს დაბომბვის შედეგად წარმოქმნილი კრატერების შევსებისა და გაწმენდითი სამუშაოების ნიშნები.
იერიშებს მოგვიანებით შეუერთდა აშშ და თავს დაესხა სამ ძირითად ობიექტს, რომლებიც ირანის ატომურ პროგრამასთან იყო დაკავშირებული. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 26 ივნისს განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა „ათწლეულებით უკან დაბრუნდა“ და დასძინა, რომ მზადაა განახორციელოს დამატებითი დარტყმები, თუკი ირანი კვლავ დაიწყებს ურანის მაღალ დონეზე გამდიდრებას.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ დაადასტურა, რომ ბირთვულ ობიექტებს „მნიშვნელოვანი“ ზიანი მიადგა, თუმცა დეტალები ჯერჯერობით ბუნდოვანია.
სატელიტურ გამოსახულებებსა და სხვა მონაცემებს დაზვერვის ანალიტიკოსები და საერთაშორისო ექსპერტები იკვლევენ, რათა შეაფასონ აშშ-ისა და ისრაელის იერიშების შედეგები. ერთ-ერთ მთავარ დაუდგენელ საკითხს წარმოადგენს ურანის მარაგის ბედი, რომელიც 60-პროცენტიან დონეზე იყო გამდიდრებული. ვარაუდობენ, რომ ირანს დაახლოებით 400 კილოგრამი ასეთი ურანი ჰქონდა.
„ჩვენ არ ვიცით, სად შეიძლება იყოს ეს მასალა,“ – თქვა გროსიმ. – „შესაძლოა, ნაწილი დაბომბვისას განადგურდა, მაგრამ ნაწილი შესაძლოა, გადააადგილეს. აუცილებელია გარკვეული ეტაპზე ამის დაზუსტება“.
Fox News-თან ინტერვიუში დონალდ ტრამპმა აღნიშნა, არ სჯერა, რომ ირანს ურანის მარაგი სადმე გადაეტანა: „ძალიან ძნელია ამის გაკეთება, მით უმეტეს, როცა მათ წინასწარ ბევრი დრო არ ჰქონდათ. არაფერი არ გადაუნაცვლებიათ,“ – თქვა ტრამპმა.
ცოტა ხნის წინ ირანის კანონმდებლებმა ხმა მისცა IAEA-სთან თანამშრომლობის შეჩერებას, და თეირანმა უარი უთხრა გროსის თხოვნას, ეწვიოს დაზიანებულ ობიექტებს, მათ შორის ფორდოს – ურანის გამამდიდრებელ მთავარ კომპლექსს.
„უნდა ვიყოთ ისეთ პოზიციაში, რომ ზუსტად გავარკვიოთ, რა დარჩა, სად არის და რა მოხდა“, – თქვა გროსიმ.
ირანულ გამოცემა Kayhan-ში გამოქვეყნდა მოწოდება გროსის „დაკავებისა და დახვრეტის“ შესახებ, რამაც გამოიწვია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს მკაცრი რეაქცია:
„ასეთი განცხადებები მიუღებელია და უნდა დაიგმოს”, – თქვა მან. – „ჩვენ მხარს ვუჭერთ IAEA-ის გადამოწმებისა და მონიტორინგის მნიშვნელოვან საქმიანობას ირანში და ვაფასებთ გენერალური დირექტორისა და სააგენტოს პროფესიონალიზმს“.
გაეროში ირანის ელჩმა ამირ საიდ ირავანიმ გროსის დაამშვიდა და CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „არანაირი მუქარა“ არ არსებობს დირექტორის ან ინსპექტორების მიმართ. მისი თქმით, ინსპექტორები „სრულიად უსაფრთხო გარემოში“ იმყოფებიან.