IAEA: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სერიოზული ინციდენტი იყო

უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ევროპაში უდიდეს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. და ინციდენტზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს(IAEA) ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ 7 აპრილს განხორციელებული შეტევისას ფიზიკური ზემოქმედება იყო სადგურის ექვსიდან ერთ რეაქტორზე. დაშავდა ერთი ადამიანი.
სააგენტოს განცხადებით, სადგურის მეექვსე ენერგობლოკის დაზიანებას საშიშროება არ შეუქმნია ბირთვული უსაფრთხოებისთვის, თუმცა, მსგავს სერიოზულ ინციდენტს შეუძლია დაარღვიოს რეაქტორის დამცავი სისტემის გარსის მთლიანობა.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორ რაფაელ მარიანო გროსის ინფორმაციით, რეაქტორის დამცავი გარსის ძირითად კონსტრუქციაზე სულ მცირე სამი პირდაპირი მოხვედრა იყო. გროსის თანახმად, ეს 2022 წლის ნოემბრის შემდეგ პირველი შემთხვევაა.
სააგენტოს დირექტორმა 7 აპრილის ინციდენტს სერიოზული ესკალაცია უწოდა და განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მსგავსი უგუნური შეტევები, რომლებიც მნიშვნელოვნად ზრდის მსხვილი ბირთვული ავარიის რისკს.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო არ აკონკრეტებს, ვისი მხრიდან იყო დრონებით თავდასხმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე.
რუსეთმა უკრაინა დაადანაშაულა. რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსატომის“ თანახმად, დრონებით შეტევის შედეგად დაიჭრა სადგურის სამი თანამშრომელი.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა უკრაინულ მედიასაშუალებებს განუცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე პროვოკაციებთან კავშირი არ აქვთ, სადგურზე „დარტყმების იმიტაცია“ კი, რუსეთის საოკუპაციო ძალების პრაქტიკაა.
უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ის ნაწილი, სადაც ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, რუსეთის მიერ ოკუპირებულია 2022 წლის გაზაფხულიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

ლონდა თოლორაია საგარეო უწყებას მოუწოდებს, გამოაქვეყნოს ინფორმაცია, საქართველოს რამდენი სრულწლოვანი მოქალაქე იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და რამდენი მათგანი ვერ მოხვდა ცესკო-სთვის გადაცემულ სიაში

საია წინასაარჩევნო კამპანიისას დაფიქსირებულ 9 ინციდენტს, სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებულ ფიზიკურ ძალადობად, სხვისი ნივთის დაზიანებად და კამპანიაში ხელშეშლის შემთხვევებად აფასებს