I კვარტალში 826 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მისასალმებელია, თუმცა ტურიზმის სფერო ამ მაჩვენებელს ვერ გრძნობს – შოთა ბურჯანაძე

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველომ 2025 წლის პირველ კვარტალში, საერთაშორისო ტურიზმიდან, 826 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც ისტორიული მაქსიმუმია.
აღნიშნულმა მაჩვენებელმა სტუმარმასპინძლობის სექტორში აზრთა სხვაობა გამოიწვია. რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის შოთა ბურჯანაძის შეფასებით, გაკვირვებას კვარტალური მაჩვენებლები მაშინ იწვევს, როცა მისი შედეგები სფეროს უშუალო წარმომადგენლებზე არ აისახება.
ბურჯანაძე ტურისტული ნაკადის ზრდას ზამთრის სეზონს და გუდაურ-ბაკურიანის სპორტულ შეჯიბრებებს უკავშირებს.
,,ეს ისტორიული რიცხვი, რომელიც ტურიზმის ადმინისტრაციამ შემოგვთავაზა, რა თქმა უნდა, მისასალმებელი და კარგია. უბრალოდ, ამ მაჩვენებლების ეჭვს ქვეშ დაყენება მაშინ ხდება, როცა ეს სფეროზე არ აისახება. ეს პირველ რიგში, სასტუმროების ყოველდღიურობაში გამოიხატება. სასტუმროები, რომლებიც თბილისის ტერიტორიაზეა განლაგებული, ამ სტატისტიკურ მაჩვენებელს ვერ გრძნობს. გარკვეულწილად, დადებითი სტატისტიკა ზამთრის კურორტების და ზამთრის სეზონის დამსახურებაა, ასევე ბაკურიანსა და გუდაურში ჩატარებულმა ღონისძიებებმა ამ პროცესს ხელი კიდევ უფრო შეუწყო. მთლიან სფეროზე მზარდი სტატისტიკის გავლენა, სამწუხაროდ, არ ჩანს.
აღსანიშნავია, რომ სტატისტიკა არ მოიცავს იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ტურისტების მოზღვავებული რაოდენობა მივიღეთ, თუმცა ტურისტების ზრდის ტენდენცია ნაჩვენებია.
პირველ ადგილს 72%-ით იკავებს, შემდეგ, ინდოეთი. ამ ტურისტების მხარჯველუნარიანობა მეორე და მნიშვნელოვანი საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ ხარჯვის კუთხით 2.2%-იანი ზრდაა, შეიძლება ითქვას, რომ ეს მაჩვენებლის ტურიზმის სექტორზე არ ასახულა. უპირველესად, კეთილდღეობას ვერ გრძნობენ ის ადამიანები, რომლებიც ტურიზმის სექტორში არიან დასაქმებული”,- აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ ,,კომერსანტის” რუბრიკაში ,,რესტორატორები”.